Litclub.ge

***დგას გამჭვირვალე ქარვის ნათელი
დგას გამჭვირვალე ქარვის ნათელი _
დგას შემოდგომის დღეები მშვიდი,
ნუ, ნუ გგონია უკანასკნელი
ეს სიყვარული, ახლა რომ მიდის.
მიდის ნელ-ნელა და შეუმჩნევლად
და სულ გაოცებს, რატომ არ გტკივა,
გული დასასრულს არ ეურჩება,
ხეებს გამხმარი ფოთლები სცვივა.
წავა ზამთარიც, ხოლო გაზაფხულს
მოჰყვება ტყემლის ყვავილთა თოვა,
მზე გააღვიძებს გრძნობებს დამარხულს,
ვიღაცა მოვა, შენთანაც მოვა.
და შენი ტაძრის მწუხარე ბინდში
ერთად იალებს ყველა სანთელი...
ეს სიყვარული, ახლა რომ მიდის,
ნუ გეგონება უკანასკნელი.