Litclub.ge

შენი ბროწეულები

ბროწეულები იხევენ სამოსს,

გარეთ ატლასი, შიგნით ათასი.

ამ ადრიანი ნოემბრის გამო

უკვე დაიხა ასიათასი.

ყუნწებს იმტვრევენ მანდარინები,

ზოგი გაზაფხულს იხატავს ზურგზე.

ალბათ ნამდვილად გადაირევი,

თუ ვერ გადარჩი დეკემბრის ზღურბლზე.

იქნებ ეს ღამეც ისე გაირღვეს,

ისე გაიხსნას გული შუაზე,

რომ გათენების წრედი დაირღვეს,

გადაიბირო შენებრ ჭკუაზე.

შენს აივანზე ჩამოეკიდა

წითელ გუნდათა წყება და რიგი

ალბათ აყვავდნენ ბროწეულები,

ამიტომ გახდი ასეთი მშვიდი.

გადაფრცქვნილია უმწეო ბაღი,

ბროწეულები იხლეჩენ სამოსს.

ჩამოხეულა ოქტომბრის თაღი

ამ ნაადრევი ნოემბრის გამო.