წუხელ მესიზმრე და მთელი ღამე
მე გავათენე შენს გვერდით, შენთან.
კვლავ გამახსენდა ათასი რამე
და მოგონებამ ცვილივით მღვენთა.
შენ გეცვა თეთრი, ფარფატა კაბა
და დალალები მხრებზე გეყარა.
ჰგავდა ათასჯერ მოსმენილ ზღაპარს
და მაინც ახალს _ ჯადო-ქვეყანა.
გვინანავებდა მსუბუქი ქარი,
ცით გვეღვრებოდა შუქი უშრეტი.
და მე, თითქოსდა გვირგვინქვეშ მდგარი,
ვგრძნობდი სხეულის ყველა უჯრედით,
რომ ელვარება ჩემეულ დღეთა
შენზე ოცნებას დამყარებია,
რომ შენზე უფრო და შენზე მეტად
ქვეყნად არავინ არ მყვარებია!