გავარდა ეს წელიც, ვით ტყვია
ჟანგიან თოფიდან...
ამბავი კი მაინც არ მოდის
დანისლულ სოფლიდან.
აღარ მცემს სურნელი ნანატრი _
მჭვარტლიან ბუხრიდან,
აღარ ჩანს თავშალი შეკრული _
დაჭრაქულ მწუხრიდან.
ჩაივლის უსისხლოდ, უღვინოდ
დაღლილი კალანდა...
ყინული წყაროში ამ წელსაც
უჩუმრად ჩავარდა.
გავარდა ეს წელიც, ახალიც
იწყება თოფიდან;
ეტყობა, რომ ნობათს არც ახლა
მივიღებ სოფლიდან.
იმ ჩემს სახლს, იმ შარას, იმ ბუხარს
უბურავთ დარდები...
დარდებო, ჩალაგდით, სულ მალე
არც დამედარდებით.