დღე ისე მიდის, ისე გაკლებს სიცოცხლის წამებს,
ისე გადადის ელექტრონში, რომ არც ბინდდება
და მეორდება გუშინდელი, შარშანწინდელი
ტელევიზორის ანტენაზე ჯვარცმული ღამე.
უმნიშვნელოა, წვრილმანია, არც არის, ლამის,
მსოფლიო ომის, წყალდიდობის და მიწისძვრების
კაშკაშა ფონზე ვინ შეამჩნევს, ვინ დაიჯერებს
ვარდისფერებში გადაწყვეტილ ოჯახურ დრამას.
რა სინაზეებს ეჭიდები, ყვავილზე ნამებს,
შავი ოფსეტის, ეკრანების ბლიცსამყაროში
მართლა გიყვარდა, გიხაროდა, გინდოდა რამე?
მაშინ რატომღა ვერ არსებობს შიშის გარეშე,
რომ შეიძლება გაიღვიძო და აღარ იყოს
ტელევიზორის ანტენაზე ჯვარცმული ღამე...