მე მუდამ ვცდილობ, არ გავკაწრო ვიღაცის თვალი,
ჩემი წანწალი შევარბილო, შევამკო გეზით
და, ვცდილობ, თმებით არ ვეკიდო ცაზე და ხეზე,
როცა მიყურებს უამრავი კაცი და ქალი.
თითქოს, გარს მივლის გამჭვირვალე და გლუვი წყალი,
ტვინის ნაოჭი არ აფუჭებს, სინდისის ღრმული,
ჩემი სიცოცხლე მისთვის არის სტიქია მტრული,
სხვანაირობით დაღდასმული, გაუგებარი.
რა ვქნა, მე მტრებად ვერ დავსახე სიტყვა და პური
და მშრომელია პურზე ფიქრი, მძიმე, მაძღარი,
სიტყვა კი _ წუთი მშვენიერი და არამყარი,
თანაც ზაფრანას ყვავილები რეტიან თავზე;
მაგრამ ვის უნდა პაწაწინა ზეიმი თვალის,
თუ ფიანდაზებს დაუფენენ გატკეპნილ გზაზე...