რა ესთეტია ეს არსება!
რა ოქროვანი წიგნის ყუები
ჭვივის მისი კარადებიდან,
რა ქათქათაა მისი პერანგი,
რა ბგერებს გამოსცემს,
ვარდ-ბულბულიანის მეწამული მუსიკაც რომ გაფითრდება...
როგორი აბრეშუმის კიბე აქვს მიდგმული
ვარსკვლავებთან,
რაინდები სატრფოსთან რომ ადიოდნენ!
როგორ იცის ღრუბლების ასავალ-დასავალი.
როგორ მიმოირხევა ბაბუაწვერას ყვავილივით
განაზებულ ინტერიერში...
ზოგჯერ ფრენასაც ცდილობს,
რაც არ უნდა მოხერხებული კიბე ჰქონდეს
ცაში ასასვლელი,
ფრენა მაინც უნდა იცოდეს
ესთეტმა კაცმა.
ხინჯს ვერ მოუნახავ მის სრულყოფილებას...
ერთადერთი,
რაც არავინ იცის მის შესახებ,
სისხლი თუ გამოსდენია ოდესმე,
ფრჩხილი თუ წამოსტკივებია
ნეტა, რა მოხდება, დანა რომ უჩხვლიტონ?
(არა, დანა უხეშია და ჩემნაირებისთვის განკუთვნილი,
მხოლოდ ქინძისთავი, უსათუოდ ოქროსი)
ალბათ, ძარღვი არ აუტოკდება
უმწიკვლო შუბლზე
და ცისფერი სისხლის რამდენიმე წვეთი
მძივებივით დაეცემა უღირს დედამიწას...