სკოლაში ტკივილის მასწავლებლის
შტატი არ იყო,
ის კლასგარეშე ლიტერატურას მოყვა:
ხელში, ვიღაც ქარაფშუტა ქალის
შლეიფი ეჭირა, ვარდისფერი გოჭები,
ყურებიდან გაფრენილი მუსიკის კუდი,
იმდენი რამე, რომ სახელმძღვანელოში,
ზეპირად ნასწავლმა, ბალახივით ხასხასა ადგილებმა
ფერი დაკარგეს, ლაპარაკი
ყელიდან სისხლისდენას გავდა
მაყურებელიც და მსმენელიც
ერთად უნდა ყოფილიყავი,
მონაწილეც ამ მკაფიობის
“აი იას” ლოზუნგით?
ქართულის მასწავლებლის გაზრდილი
ბაჯაღლო პათეტიკის ტრადიციებზე?
რომელსაც საფლავიდანაც უკვირს,
ვინ მასწავლა ტკივილის ატანა,
იქნებ იმ ქალმა, ლურჯი ცის ზემოთ
კიდევ, ვარდისფერ ცას რომ ხედავდა,
თვალებზე ხელი ააფარეს
და თავი მოიკლა...