Litclub.ge

იმპრესიონისტული სონეტი

ცა ვარვარებდა, აბლაბუდას ობობა ქსოვდა,

ვეღარ ამბობდა მიწა ბალახს, გაუწყდა ქანცი,

მზე იყო ათასსანთლიანი და გვალვის მაცნე

და ჩემი კეფა აბრეშუმის ჩრდილს მოითხოვდა.

წველიდნენ ძროხას, ვიოლინო ტიროდა რძეში,

ჩემს მკერდში დოლი ბრაგუნობდა, აგურისფერი,

ღმერთი ვიცანი ამ ხატებში და შევიფარე,

დავალევინე ლურჯი წყალი, ჩამდგარი ხელში...

დოლი ცეცხლივით აბრიალდა, აქამდე მრეში

და თავის შვილებს _ პაწაწინა დიპლიპიტოებს,

გამარჯვებული დროშებივით გვირიგებს ხელში,

დამწვარი კეფის აბრეშუმი _ მოდის საღამო,

პური, მკაფიოდ შავგვრემანი, ვაშლი მწითური

და ყველაფერი ღვთაებრივად შეუსაბამო...