Litclub.ge

კამერული მუსიკა

კლემენტის სონატინებს

ანბანივით გადავაბიჯე,

მთვარე მინათებდა,

ბახთან არ მიმიშვეს,

რენტგენმა

ხერხემლის სისუსტე აჩვენა,

ოქროს რკალივით შემოვლებულის

მუსიკის გაკვეთილებზე,

ცნობისმოყვარეობა სივრცის მიმართ

კამერულობით დასრულდა,

გაწაფული თითები

სადაფის ღილებივით დახტოდნენ

პოლონეზებში, სხივიც ჰქონდათ,

ბახისთვის მთელი ტანი

უნდა შეგეწირა, თავის ხერხემლიანად,

ტკივილი თავში აგეტანა

და მოგეთმინა.

ისედაც, ვინ მიგიშვებდა მასთან,

ის, ქვისნიკაპიანი პიანისტი,

თუ ბებიაშენი, აღმართზე მიმავალი

და ბორძიკით მანათობელი....