Litclub.ge

ასე შემოდიოდა პოეზია ბათუმში
ბათუმს ისე მოედო მწიფე ლექსის სურნელი,
ვით პრინცესას სურვილი გიჟ პოეტთან ძილის
და ქალაქი ჯერ კიდევ ტკივილგანუკურნელი,
მელექსეთა ჰამქარით ფალავნობდა ტფილისს.

ევროპას კი ეძინა “უძველესი ცოდვებით”,
სამიკიტნოს მოერგო ფიქრი ნიცშეანელის...
იწყებოდა ყავით და მთავრდებოდა ბოდლერით,
ავტოგრაფი? უნებეთ: დარასელი, ანელი,

და ბათუმი დაღლილი (ეს არ იყო იოლი)
ის-ის იყო მოხიბლა ესენინის ლექსმა...
უკაცრავად, ქუჩებში გაჩნდა გალაკტიონი,
და ფიალა სალექსო ჭეშმარიტად შესვა.

ცხადი გაავარდისფრა მწარე სიზმრის სერიამ
და მთვარეულ გენიამ, რაც იხილა, წერს...
ავტოპორტრეტს მოარგო გენიოსის სათვალე,
დადის სანაპიროზე და ივარცხნის წვერს.

ბათუმს ისე მოედო მწიფე ლექსის სურნელი,
ვით პრინცესას სურვილი გიჟ პოეტთან ძილის
და ქალაქი ჯერ კიდევ ტკივილგანუკურნელი,
მელექსეთა ჰამქარით ფალავნობდა ტფილისს.