Litclub.ge

მომკლეს, გავრბივარ...

მომკლეს, გავრბივარ,

სისხლით სავსე ჭიქასავით

და მომდევენ

ბოლო საშუალება მომცეს

მჭახედ აყვავების

ასეთი ფერის, ყელზე რომ შევახტე,

ხომ გავუფუჭე

სუფთა წერის გაკვეთილივით

ლამაზი ცხოვრება!

როცა რძეს პლასტმასის გემო აქვს,

ზიხარ პურის და წყლის საპყრობილეში,

ისეთ უჰაერობაში,

რომ პირიდან ფილტვები გიჩანს,

ჩაისუნთქე აღორძინებული ჭლექი!

ხომ ჭირდება თვალის სეირი

ბაბუაწვერასავით ამჩატებულ,

ჩიტის პენსიაზე მყოფ მოსახლეობას

სისხლით სავსე მორბენალი ჭიქები,

ჩოქვით რომ უვლიან

ყოფილ ყვავილების ქვეყანას

და სტატიკური მდიდრები

შეშურდებათ კაშკაშა პარანოის,

აბა, რა იქნება!