ასტკივდა ნეკნი, აღარ ეყო ჩემთვის მასალა,
სამოთხის ბაღში რას იპოვი, აგურისმაგვარს?
ვაშლი და ვარდი შეურია მწარე სამსალას
და ღვინის ჭიქით არარსებულ სუფრაზე დამდგა.
მე რა ვიცოდი, მაშინ, რწმენა და სათნოება,
არც სამოსელი არ გამაჩნდა და არც სახელი,
მარტო მინდოდა, იმ კაცს ეგრძნო ნეკნის ნახევრით,
რა სასჯელია უჩემობა და მარტოობა,
როდესაც ფრთხილად ატარებდნენ ცისფერ ბალახზე,
და ეშინოდათ, არ შეეშვა მთვარე თვალებში,
როცა ფიქრობდნენ მის მაგივრად, ართმევდნენ ნებას,
ალბათ, ამიტომ შემეცოდა და დავანახე
ცოდვილი მიწა, ლურჯი ღამე, თეთრი ბალიში
და ხე, რომელსაც ოქროსფერი ვაშლები ება...