Litclub.ge

პარალელი

მუხრუჭების კივილით შემზარავს ქუჩა

გუშინ ტყე იყო, ნოტიო, მუქი,

სავსე მეხის და გველის საფრთხით,

ქვის ლოღნამდე

და კლდეზე ფრჩხილების მიმტვრევამდე

გადარჩენისთვის ბრძოლის დამტევი:

მოლიპულ თოვლზე

მთვარის ბრე რომ დახვავდებოდა,

ძლიერი მგელი სუსტს დაგლეჯდა,

არწივი მტრედს დააცხრებოდა

და შაქარყინულს ამოსწოვდა

თეთრი მკერდიდან,

მაგრამ თავს კი არ იმართლებდნენ:

მისთვის გავწირეთ მეტად ბრძენი

და მეტად სათნო,

რომ რწმენა არ დაკარგულიყო ღვთისნიერების,

ან როცა მზე გაფიცხდებოდა,

და ბალნიანი ტანების ფსკერზე

ილექებოდა სურვილის თაფლი,

მათ უყვარდათ ერთმანეთი და მრავლდებოდნენ

ერთგულების ფიცის გარეშე

და დაწრეტილი ვნების ბოლოში

ვერ ხედავდნენ ბიისფერ ღალატს,

რომელიც გულზე ლურსმნით გაჭედებს

შენზე ლამაზი, ახალგაზრდა

და ბედნიერი მეტოქის სურათს...

ახლა ქალაქში,

ჩვენს შორის მხოლოდ სიტყვებია:

სიტყვა _ პირუტყვი, სიტყვა _ ღმერთი,

სიტყვა _ სიყვარული

და მათი ბანგით გეშარეული

ვეღარც კი ვამჩნევ

ჩემზე ტყვიასავით დამიზნებულ

მუხრუჭების კივილს...

ჩამავალი მზე მე აღარ მეხება _

იგი მეკუთვნის

დაღუპვის პირას მდგარ ვაშლის ხეს...