რა სიმშვიდეა და დღეები როგორ მიდიან,
ომების მერე რა ტკბილია თაფლი სიზანტის,
მზისგან და რძისგან ხავერდივით ფაფას ვამზადებ,
არა შავად და შემზარავად, ლურჯად ბინდდება.
და როგორ მინდა, შევარბილო მწარე სიმართლე,
ჩავალბო რძეში უვარგისი, ხმელი პურივით,
რადგანაც აღარ შემიძლია იმის ყურება,
პირში რომ სიტყვას მიკლავენ და თვალში სინათლეს.
იჭერენ კაიფს, მაგრამ ჩემი არ ესმით მაინც.
რა ოქროს წყალი, რა წახნაგი მასხვავებს მათგან,
რომ კიდევ რაღაც მენატრება ამ შავ ქაოსში?
ვინმეს მოჰქონდეს მლაშე ყველი და ტკბილი ჩაი,
მე კი ვიჯდე და არა ნერვებაწეწილ კაფკას,
ვარდების შუქზე ვკითხულობდე “ვეფხისტყაოსანს...”