Litclub.ge

სიმღერა

ჩემი სიმღერა,

ტირილის ბოლო ბგერა,

ცხელი ფერები ტილოზე,

აგურის სახლივით ალისფერი ქალი,

სულ ცოტა, სამი,

მაგრამ თავი თუ გაიგიჟა,

შვიდი ხმაშეწყობილი კაცის სამშობლო,

რომელიც ჯერ

დალუქული სახლივით დგას,

მაგრამ ხმა თუ ამოიღო,

უსათუოდ, პირველი იქნება

და ისეთი გაფატრული,

აბრეშუმზე ფრჩხილი რომ ჩამოუსვა...

რასაც,

მეორე და მესამე ხმები,

მუშა ფუტკრები,

ხომ ვერ აჯობებენ სუსხით და სიმაღლით

და სიტკბოს ჩააკვდებიან,

თაფლს შეურევენ ყინულში

თავმდაბალი მეორე და მესამე...

ხოლო მეშვიდე ხმა _

ალისფერი ფრჩხილები ცაში,

მყინვარწვერი,

თავზე დამხობილი,

ამჯერად, ყოველგვარი თაფლის გარეშე,

და ამასაც თუ გაუძელი,

მარტო ქალი კი აღარ იქნები უკვე,

არამედ შვიდი ამღერებული კაცის სამშობლო...