Litclub.ge

ხე ფანჯრის წინ

ეს ვან-გოგობა რისი მაქნისია?

შვილს ვერ იყოლიებ, ხეს _ სიხარულით,

უფრო რომ ყვითელია, მნათობივითაა,

მერე გვიანი შემოდგომა,

როცა ქვევით იყურები,

ჩამოღვენთილი დადიხარ,

ისიც ხომ შეგიძლია, ტუჩების კუთხეები,

სახის გამომეტყველება, ზევით ასწიო,

მოსპო კლიშე!

ქსეროქსზე გადაიღო ის ხე

და ფანჯრის წინ დააყენო...

კარგი ასლი გამოდის,

სიპრიალეს ხორკლი უჩანს,

მსხვილ ფუნჯებს გაგრძნობინებს,

ცოტა, ღვიძლიც აწუხებს,

40 წლის მერე რაღაც

ხომ უნდა გეტკინოს,

სათბური დაიდო, ამასობაში,

უყურო, როგორ აჭმევს მზე

თავისთავს ხეებს,

საიდან ეს თვისება არხეინ სტიქიას?

თავგანწირვა, რომელიც შენ დაგაკლო,

მხატვრის მოსეირნე თვალივით

ბუდიდან ამოგიღო, შიგ საღებავი ჩაასხა,

ხატე, მკრთალი აკვარელი რომ

სისხლს ამოახველებს, ისეთი ფერის

ცოფიანი პეიზაჟები, რომლებიც იკბინებიან

ტილოდან, მუზეუმიდან, აუქციონიდან...

ვან-გოგები და კლიშეები!

მარცხნივ წახვალ, ინანებ,

მარჯვნივ _ მშვიდად და მაძღრად იქნები.