Litclub.ge

* * * "რა ჯადოქრობამ შესძრა"
რა ჯადოქრობამ შესძრა პირველად
სული კაცისა _ სიმღერის ფესვი?
მზემ, გაზაფხულმა, სევდამ, ფრინველმა
აღმოაჩინეს მის ფსკერზე ლექსი.
ტყემ, დედამიწამ, თეთრმა ღრუბელმა,
ცის კაბადონზე რომ არ ჰყავს მწყემსი,
ქარმა, ზღვიდან რომ წამოუბერა, _
ააშრიალეს გრიგალში ლექსი.
ქარმა, ღიმილმა, ბრძოლამ, ძიებამ,
მდუღარე ლოცვამ, ცასაც რომ ესმის,
აღთქმამ, იმედმა, მონანიებამ, _
ჩირაღდანივით აანთეს ლექსი.
წყენამ, ტკივილმა, მხნეობამ, რწმენამ,
რომელსაც ჰქვია სიკეთის თესლი,
ბულბულთა სტვენამ და დედაენამ, _
ამქვეყნად შექმნეს უკვდავი ლექსი.