Litclub.ge

ფიქრები დედაზე
ბაღჩა დახუნძლულა თოვლით,
სახლსაც თოვლი ადევს ზედა...
სად ხარ, რას დაეძებ თრთოლვით? _
დედა!..
ცივა. ქარი ოხრავს ნელა
ცაზე ვარსკვლავები სხედან...
ო, რა უსაშველოდ ბნელა,
დედა!..
შენი ნაღვლიანი ხვნეშა
აქაც გულზე მადევს კლდედა...
ალბათ შემოგაკლდა შეშა,
დედა!..
თივას ელოდება ძროხა,
რძეც არ გაშრობია ბედად...
მამას დაუძველდა ჩოხა,
დედა!..
ძმებიც შემოგადნა, დებიც,
მოტყდი, ვეღარ გხედავ მხნედა,
შენამც სანთელივით დნები,
დედა!..
ზამთრის მოცახცახე ღამე
კივის, მიწას უვლის ბნედად...
ჯანღი დასწოლია ხრამებს,
დედა!..
ვტოვებ, დღესვე ვტოვებ თბილისს, _
ნატვრა გაგიბრწყინო მზედა...
იქნებ გაგითავდა ფქვილიც,
დედა!..
გავშლი მოგონების აფრებს, -
ყველგან თან დამყვები მწედა...
მოვალ, მოგიყვები ზღაპრებს
დედა!..