Litclub.ge

ქიტესა
რად არ დამარქვა დედამ ქიტესა _
ძველი ქართველი გლეხის სახელი,
სად ჩაიკირა, სად ჩაითესა
გავერანებულ ქვეყნის ნაღველი.
ბრძნული სახელი ბრძნულ სიმღერებში
ვერ იქნა, კარგად ვერ გაილექსა,
ვინ დაითვალოს, გუთნისდედებში
სახელად რამდენს ერქვა ქიტესა.
ვინ დაითვალოს, მეციხოვნეთა
რაზმში ქიტესა იყო რამდენი!
არ დამარხულან სვეტიცხოველთან,
თითოს ეღირსა თითო სანთელი.
გადავიწყებას ბევრი მიეცა,
თუმც მეფეებზე მაგრად იომეს,
სამ ჯარისკაცში თითო ქიტესა
ჰყავდათ გვაროვან ბაგრატიონებს.
ზოგს ქუხილივით გადაუვლია,
ზოგი ჩუქურთმის ჭრაში გათავდა,
ზოგი სპარსეთში დაკარგულია,
ზოგის სამარხი არის მარაბდა.
არ უნატრიათ გადიდკაცება
და გლეხკაცები _ ქართლის ფესვები _
ჩაწვნენ მიწაში ერის დამცველად,
რომ დაზრდილიყვნენ სხვა ქიტესები.
არც სახელისთვის, არც დიდებისთვის
არა სჩვეოდათ ხმის დაბოხება,
მათი აწმყო და მათი მერმისი
იყო მიზანში მტრის ამოღება.
ეჰე, მამულმა განა დაკარგა,
ვინც დაიტია ქვეყნის ნაღველი,
დედამ ქიტესა რად არ დამარქვა,
ძველი ქართველი გლეხის სახელი.