Litclub.ge

Post Scriptum
მე ვწერ უბრალო, გაცვეთილ სიტყვებს
(მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები!), _
მე ამ სიტყვებში ჩემ ნათელ სიყრმეს,
ჩემ ტკბილ ბავშვობას ვეალერსები.
განა არ მესმის სიახლის ყადრი?
(სახელისათვის მეც მიომია!)
და მაინც ძველი "დარდი" და "ვარდი"
ყველაზე კარგი რითმა მგონია.
ბანალობაა? თუ გულის სითბო
და ის ბავშვური მიამიტობა,
რომელიც უფრო აცოცხლებს სტრიქონს,
ვიდრე რითმები ან ურითმობა?!
ბანალობაა? ვიყოთ მართლები
(ვის რად სჭირდება დამალობანა),
ბოლოს და ბოლოს სუყველაფერი,
რაც ძვირფასია _ ბანალობაა!
ბანალურია დედის ალერსი
და საქართველოს ძველი დიდება
და ის ნათელი, ქალის თვალებში
ჩვენს დანახვაზე რომ გაბრწყინდება,
ისიც ძველია, როგორც ნახმარი
სიტყვა, გამოთქმა... თუნდაც წერტილი!
და პოეზიაც _ მუდამ ახალი, _
ბანალურია და გაცვეთილი.
როგორც ცხოვრების მოკლე ღამეში
წამით დათრობა, თავდავიწყება...
როგორც ჩემს მიერ ახლა, ამ ლექსში,
ახირებული აზრის მტკიცება!