მსახიობ გიორგი შავგულიძის ხსოვნას
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს _
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან _
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს _
ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...
და თითქოს ვითვლით _ ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ:
ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!