Litclub.ge

* * * "მინდოდა, მაგრამ"
მინდოდა, მაგრამ, წესი წესია,
სახე ჩამეფლო საწოლში ქვიშის,
... და გამოვყევი გრძელ პროცესიას
როგორც ტუსაღი ჯაჭვიან მწკრივში.
ქარში ეკიდა ჩამქრალი ჭაღი,
თუ ქანაობდა უენო ზარი,
მივწვდი სახელურს, დავქაჩე აღვირს,
... წესი წესია... 
და დავემგზავრე.
და ირწეოდა ხალხი ზღვასავით,
და ლივლივებდა წყალზე ყარყატი,
მივდევდი, როგორც გვირგვინს ვასალი,
აღარც ცუდად და აღარც კარგათი.
გზა მიდიოდა ყველგან და არსად,
მხარი მივეცი მავალს ფარფატით
და ვუამბობდი, უამბობს რასაც
მოშლილ სახურავს ჭრაქი სარდაფის.
ალილუია სანთლის ბიბინით
უერთდებოდა წირვას შაბათის,
გაუქმებული ტახტის გვირგვინის
პურზე წვეთავდა მადლი შარბათის.
ვეთხოვებოდი ბილიკის წიწვებს,
მომდევდა შარფი თუთუნის კვამლის
და დაეძებდა დაკარგულ სივრცეს 
უმისამართო ყივილი მამლის.