Litclub.ge

გეგელიძეები, ზამთარი

ტიალ ბექობებზე ჩალის ზვინებია,

მიპყრობს სევდიანი ზამთრის მყუდროება,

შენი ნახვის ფიქრით მე არ მძინებია,

მაგრამ მიზეზად სულ მქონდა უდროობა.

ფერით აქაურით კალამს ვაწერინე,

მივყევ სტრიქონებს და საქმე მომერია,

თუმცა დაგივიწყე, თუმცა გაწყენინე,

შენი ალაგები მაინც მომელიან.

ხევში ჩაკიდული ძველი წისქვილები

ტაშით შემხვდებიან ისევ ბავშვებივით,

ჩუმად შრიალებენ ხმელი ტყისპირები,

წივის შავი ფიჭვი კლდიდან გაშვერილი.

აი, ჩემი ეზო, წყალი მონაწრეტი

ჯარას ეწვეთება ღარით ხავსიანით,

აი, მეხვევიან დები მონატრებით,

მათი შემოხედვა შუქით სავსე არის.

ტყეშიც გავიარე, ყრმობა-სიყმაწვილის

ყრია ბილიკები, როგორც იმედები,

მე რომ ავდიოდი, სწორედ იმ ნაძვის ხეს

ახლა გახურებულ ლოყით მივედები.

ყველა მშობლიური შენთან მეგულება,

შენი ყვავილების ცეცხლით ვიწერები

და გულს სასიკეთოს რამდენს ეუბნება

მარტო ერთი სიტყვა _ გეგელიძეები.

 

1966