აღთქმულ მიწაზე, დავითის მოდგმას,
ვინც ხშირად გოდებს, მაგრამ არ ტირის,
ებრაელს ახლად ენაამოდგმულს,
ერთგულს გოდების კედლის დარდივით,
დავეძმობილე და სულ შვიდ დღეში
გზას ორი ათას ექვსას წლისნაირ
სინდის-ნამუსით და სინაღდეთი
ვუმატე თითქოს თითო მისხალი.
გოდების ლოდებს, ჟამთა ხერხემალს,
მლოცველთა შვენის შავი არშია,
ჩვენი ჯვრის ალიც, გულს რომ ეხვევა,
ძველია, მაგრამ მასთან ბავშვია.
ეს ქვის ზოდები, ტანჯულ აზრივით,
გრძნობენ _ მეც ჯავრის ხარჯვით მოვედი,
მეც დევნა-გვემის მცნებით გაზრდილი,
გავეგები და ვეახლოვები.
მცირე სურვილი, ქაღალდს რომ ვანდე,
გოდების კედლის ნაოჭში ჩავდე,
და ვთქვი: _ საყვარელ იერუსალიმს,
ძმობილო, არც მე არ მივცემ არვის.
23. VII
იერუსალიმი
1997