ატლანტიკაზე თვალს აფახურებს
ჩვილი ცისკარი, ლბილად ნათდება,
ხედავს ბოცმანი და მეზღვაურებს
ვეღარ აღვიძებს, ჩანს ეხათრება.
ავდრის ტბორები ცაზე შემოშრა,
ოქროდ აბზინდა მზე ზღვის თამაშში,
მაგრამ რა არის საქართველოში
დაბრუნებაზე უფრო ლამაზი?
ადექით, ძმანო, მზე დღეს ვარდია,
შინ მიმავალი გზა გულს ახარებს,
ადექით, ძმანო და ამ განთიადს,
სველი მკერდები კვლავ შეახალეთ!
ადექით, ძმანო, სულში შეუშვით
დღე _ მთელი ღამის ნაფიქრ-ნააზრი,
ძმანო, რა არის საქართველოში
დაბრუნებაზე უფრო ლამაზი?!
1974