Litclub.ge

ნაკადული
შენი ბედი ენატრება ოკეანეს,
ეხარბება შენი სიპატარავე.
გემი არ ჩანს, კაპიტანი იგვიანებს,
მღვრიე ტალღებს სევდა მიაქანავებს.
ქარიშხალი იმეორებს ნაცნობ ბოდვებს,
ცეცხლს აკვესებს ცა უძირო ღამეში.
ოკეანე დილით ითვლის ახალ ცოდვებს,
მკერდს უკაწრავს ქარბორიას თარეში.
შენ კი გქვია პაწაწინა მშვიდი წყალი,
არც არასდროს გინატრია დიდობა,
შენ არ გტანჯავს - დაბრუნდება კაპიტანი?
შენს ნაპირებს აწერია მშვიდობა...