Litclub.ge

ვით შენი ხელწერა...
ვით შენი ხელწერა,
გაკრულად გაბმულა წერო.
ბავშვობა ბავშვობის შეცდომებს ჩაბარდეს,
ახლა მე სხვა მინდა ვწერო...

ნაცნობი, ტკბილი და აზრივით მაღალი
სიმღერა მეხვევა გულზე,
და ფიქრის ყურეში ხომალდი ახალი
მოვა და ჩაუშვებს ღუზებს.

პირამდე ავსილი ეს გემი შენია,
მოსული ძვირფასი ტვირთით,
მუდმივი ლიმანი აქ გაუჩენია,
აქ უმღერებია ზვირთი.

გაჰქრება სიზმრები, გადავა წარსული,
მაგრამ ამ სინათლის ძალად
გულს და ფიქრს შერჩება შავწარბა ასული,
ის ჩემგან არასდროს წავა.