Litclub.ge

იცი, როგორი ხარ საყვარელი...

იცი, როგორი ხარ საყვარელი? _

პირზე მომსკდარი ღიმილის ჩქერი

ისე თბილია და ბევრის მთქმელი,

როცა არ მღერი, მაშინაც მღერი.

შენ ჩემი ზღვის ხარ და ჩემი ხმელის,

ბაგეზე მზეა, ბგერაში _ ფერი

და ისე გითრთის გედივით ყელი,

როცა არ მღერი, მაშინაც მღერი.

იცი, როგორი ხარ საყვარელი? _

ამას ვერ ვამბობ მე ლექსის წერით,

გული გენდობა...

გული თუ გელის,

როცა არ მღერი, მაშინაც მღერი.

 

1985