აი, კარჩხალის მთა თოვლიანი,
ჩაფიქრებული რომ შემოგვცქერის,
ფერხთ დაფენია მწვანე ფარჩები,
თავს ულამაზებს თეთრი თმა-წვერი.
რას მეუბნება მისი დუმილი,
ან დანისლული მისი თვალები?
სპეტაკი თოვლით გადაბურვილი
შუბლის სინათლით რად ვიმსჭვალები?
უხდება მზერა ლურჯი სივრციდან,
შვენის მარადი თეთრი სიმაღლე,
ეტყობა ასე დიდხანს იფიქრებს,
ეტყობა ასე დიდხანს ინაღვლებს.
1968