Litclub.ge

მე გავიგონე სიმღერა ქარში...

მე გავიგონე სიმღერა ქარში,

თმებს ვისწორებდი სველი ხელებით

და ახლობელი, ნაცნობი ჰანგი

იწევდა ჩემკენ,

მაგრამ თანდათან

უცნობ მხარეში იკარგებოდა.

სიმღერა იყო შენსავით ტკბილი,

შენსავით ნორჩი,

შენსავით კარგი,

მაგრამ ის თითქოს შენს ჭრელ კაბაში

გამოწყობილი გაჰყვა ბილიკებს.

 

1958