ღამის ნარჩენები, მოშავო ჩრდილები,
შემორჩა დილაზე მთების ღრმა ნაოჭებს,
მერევა სურვილები,
ლოდინით ვილევი
და მინდა, ვიღაცა ჭიშკართან გამოჩნდეს.
ხმაგაკმენდილი და ცერზე შემდგარი
ბუნება ისინჯავს მორჩენილ იარებს,
ღელავენ ფოთლები,
მეც ასე მღელვარი
გავყურებ მწვერვალებს, _
მზე რად იგვიანებს?
რა მოხდა ნეტავი?
იქნებ სიზმარია?
იქნებ აღმოსავალს გული ატკენია?
ზეცა უღრუბლოა,
მაგრამ მიმქრალია,
მე კი მზის ლოდინით
ცრემლი დამდენია.
1965