ნელა დის მდინარე, თითქოს დაღლილია,
იგი ფიქრებივით მღვრიე და თბილია,
ჭადრების რტოებში ჩიტები მღერიან,
მზე არის, ხალხია და ყველაფერია _
და მაინც რაღაცა აკლია შუადღეს,
მე შენი ლოდინის წუთები მდუღრავენ.
თუ ფიქრი შეძელი, ლოდინი ადვილია,
თავზე ფოთლებივით ღრუბლები გადივლიან,
ჩრდილებით აჭრელდება მყუდრო ეზოები,
მოვალ დაქანცული, ხეებს ვეზომები;
თითქოს შენც აქა ხარ და ჩუმი წუხილით
მიღიმი ისე, ვით არავის უღიმი.
და მეც გეუბნები:
შენთვის სულ ვიწვალებ,
შენ, ჩემო ახალო სიტკბოვ და სიმწარევ,
შენ, ჩემო ახალო სიტყვავ და სალამო,
შენ, ჩემო ტკივილო და ჩემო წამალო.
შენ _ წვიმავ, გვალვიან მიწაზე ნასხურო,
შენ, ჩემო ხვალევ და შენ ჩემო წარსულო;
შენ თბილ დილასავით მოხვალ და ჩარჩები
ამ ჩემი თვალების გაღებულ ფანჯრებში.
1965