თავისუფალი, როგორც სინდისი,
ღარიბი, როგორც პატიოსნება,
დგას მოწყენილი ჩემი თბილისი,
გაჩუმებულან მისი მგოსნები.
რა ჰქნას? _ სიმშვიდეს შლიდა არევა,
დაჭრილ ქვეყანას ეწვის ჭრილობა
და ჭრილობაზე უფრო მწარეა,
შვილს რომ არ უნდა ზოგჯერ შვილობა.
სასოწარკვეთის პირზე მისული
ქალაქი, როგორც დედა, იტირებს:
_ რა ეშველება ამდენ სიძულვილს,
რა ეშველება ამდენ სიკვდილებს?!
პასუხი ისევ თბილისს შეჰფერის,
რადგან ისაა თავიც, მთავარიც;
ბებერი, როგორც ისნის კედელი,
ლამაზი, როგორც მეფე თამარი
1992