როგორმე უკეთ თუკი ვიქენით,
ამ წყენებს აღარ გაიხსენებენ,
ჭორიკანის თუ ჩამშვებ-მლიქვნელის,
ვერ დაგვშხამავენ ავი ენები.
ვერ დაღჯნის ვერა, თანაკუთხელის
კუთხეზე მეტის მხედველ გახედვას,
ვერც ალაგობრივ დონის თხუნელა,
ვერც კარგად მქნელი სხვა სიგლახეთა.
სულ მაგონდებით, _ ხუსიკა, ნუგზარ,
ალი, ამირან, ჯემალ, დავით და
ვგრძნობ, სიძულვილი ვინც ზიდა კუზად,
ის კაცად ყოფნას იწყებს თავიდან.
ჩვენ კი გვევალოს, ვიდრემდის აქ ვართ,
ერთურთით ვენთოთ და არა ვქრეთ ჩვენ,
და ვით იტყოდნენ დავით და ბაგრატ, _
"ნათესავ ქართველთ სულ ერთად ვკრებდეთ".
1999