ვანო ზოდელავას
ისევ წმინდაა შენი მთაწმინდა,
ქარი იჩოქებს, ლოკავს და მიდის,
ხეობებში კი მტკვარი გაწვდილა,
როგორც ქარქაშში ხმალი დავითის.
ამ ცის ნაფლეთი მეც თავს ვიხურე
და სიყვარულით გადარჩენილით,
ჩემი თბილისი დგას და მიყურებს,
ნამტირალევი დედაჩემივით.
თუ ვეახლოვე, მეტი არც მინდა,
ძირს დაფშვნილ წლების აბლის ობია,
ნუთუ ყოველი ისე გაცივდა,
ისევ თავიდან გასათბობია?
გესმის? _ ჩურჩულებს ისევ აჭარა, _
ჩემი დარ-ავდრით, ღელე-ღურდნებით,
დღეს უფრო მაგრად, მძაფრად, აშკარად,
დაბრუნებული კვლავ გიბრუნდები.
ბევრმა იხვეჭა დიდება, ოქრო
და მაინც ნატრობს ჩუმი სინაზით, _
ეჰ, ვუყვარდეო ამ ქუჩებს, როგორც
დიასამიძე უყვართ ნიაზი.
ზოგჯერ მტყუანიც არ ხარ მტყუანი,
რადგან მშობელი იყავ, ხარ, ცხოვრობ,
ზოგს უნდა გავხდე შენი სტუმარი,
რათა სამშობლო კვლავ ვიმათხოვრო.
მოზიდულია მზით ჩვენი ხმები,
ჰიმნი ერთობის თუმც ვინ გაღირსა,
რომ ავგუგუნდეთ ჩვენ, კუთხეები,
როგორც ხეები ერთი ბაღისა.
ისევ წმინდაა შენი მთაწმინდა,
ქარი კანკალით ლოცავს და მიდის,
ლურჯ ხეობებში მტკვარი გაწვდილა,
როგორც ქარქაშში ხმალი დავითის.
აგვისტო
1999