Litclub.ge

ქართული ანბანი

ამბობს მეფე ფარნავაზი, _
წიგნსო ქართულს, ვეფეროთ,
აწ და მარად ეს ლამაზი
ანბანია მეფეო.

მტერმა მოსრა სრა-ტაძარნი,
ერთს კი ვეღარ შებედა, _
იქ ანბანი ნახანძრალი
ქართველს ესვა მეფედა.

ავდგებოდით, ვიომებდით
და შევძლებდით შეუძლებს,
და ანბანი ჭრილობებად
გვაჩნდებოდა სხეულზე.

ხან დაშლილა საქართველო _
კახურ-სამცხურ-მეგრულად...
მაგრამ ისევ საქართველო
ქართულ ენით შეკრულა.

დედა წიგნს ვერ ეზიარა, _
ჭირდა ჭირი დროისა,
მაგრამ წიგნი კერიასთან
მან შვილივით მოისვა.
წაღმა-უკუ ისტორიას
ვერვინ გასწი-გამოსწევს,
ბევრი განძი მიჰყოლია
საუკუნეთ ქაოსებს.

ეს კი _ აზრი და სიმწიფე,
ჩვენი სისხლით დამბალი,
იყო ჩვენი სახელმწიფო,
ეს _ ქართული ანბანი.




1978