დადის დარაჯი, კარებდახურულ
შენობის წინა,
არ ეძინება ფოთლებში ნიავს,
ეზოებს სძინავთ,
დადის დარაჯი კარებდახურულ
შენობის წინა.
მე რომ ხანდახან ჩავივლი აქა
ღამით, გვიანა,
შედგება იგი, გამომაყოლებს
თვალს ეჭვიანად,
როცა ხანდახან ჩავივლი აქა
ღამით, გვიანა...
და მე, რატომღაც,
გული მეწვის,
თანაც მრცხვენია,
რადგან ჩემ გამო შუშის კართან
ღამით მცველია.
როდის იქნება, კარს დარაჯი
არ დასჭირდება,
მაშინ ეს ლექსიც, მეგობარო,
გაგიკვირდება...
როდის იქნება, კარს დარაჯი
არ დასჭირდება?
1958