ღამდება?
როგორ თეთრად ღამდება,
დაშლილ-დაწეწილ ღრუბლებს მოჰყვება
დღეთა ლანდები
სიტყვით, სიზმრებით, ფიქრით, იღბლებით.
იცის სურვილმა დაღამებისას დაუოკლობა.
დამოკლებული გზა ძვირფასია, არგასამეტი...
შორს, ზღვის ბლონდებზე,
დევს მზის ნატეხი, როგორც კრამიტი.
ძილით მძიმდება მთები, ტაძრები,
რა სიმშვიდეა ამ სიჩუმეში
რა სიმკაცრეა.
და მე ძილისთვის არ მემეტება
არც ეს სიცხადე,
არც ეს ვედრება.
ღამდები,
როგორ თეთრად ღამდები,
გხედავ, გონიოვ
და მე მგონია
აქ დაყორილან, გაქვავებულან
ხმები, რაც ქვეყნად გამიგონია.
როცა შენია მთები, ტაძრები,
ახლობელია ტურის კნავილიც,
ვინ იცის, აქ კვლავ როდის აივლი,
ან ამ წყაროთი როდის გაძღები.
ღამდება?
როგორ თეთრად ღამდება,
ძილის წინ მშობელ ქედებს გავხედავ, _
ხილვა ბუნების ნაცნობ სახეთა
კაცს ალბათ მუდამ გაუხარდება.
1970