შეჩერდი, კარგო,
მითხარი, კარგო,
რად მორევია ნაღველი თვალებს,
ნუ გეშინია, მითხარი, კარგო,
ვინ დაგეუფლა და ვინ გაწვალებს?
_ ვერა, ვერ გეტყვი, კეთილო კაცო,
ვით გაგიბედო, თექვსმეტი წლის ვარ,
თუნდა ეს გული სულ გაიტაცოს
შეუბრალებლად ღიმილმა მისმა.
თუნდაც ხანძარი დამინთოს თმებმა
და დამიხეთქოს ბაგენი სისხლმა,
ვერავის შევთხოვ მე მოწყალებას,
ვერაფერს ვეტყვი, თექვსმეტი წლის ვარ!
მზე ჩასულიყო ნურიის ტბაში
და მზე მდუმარი, ვით დამნაშავე,
უმზერდა იმის სევდიან თვალებს
და მიჰყვებოდა გოგონას შინა.
1956