Litclub.ge

ჩემი ხე

სოფლისკენ მუდამ მივიჩქაროდი,

ჩემი ბავშვობის ხე რომ მენახა,

მას, როგორც ჩემი სიყრმის დღეები,

ხუჭუჭა ჟვერი ბევრჯერ შეახმა.

არც წიფელია, არც მუხა მძლავრი,

არც კვიპაროსი და არც ჩინარი,

ერთი უბრალო ხე ფესვგადგმული

გზასთან, ფლატეზე, დგას უჩინარი.

თავს ყვავილებით როდი იწონებს,

მხოლოდ აპრილში ჩუმად მწვანდება,

თვალით ზომავენ, მაგრამ ვერ სჭრიან,

მთა ისე თითქოს გავერანდება.

ყველა ოცნება ჩემი იცოდა,

რომ ვეყრდნობოდი, შუბლს მიგრილებდა,

ჩემს ფიქრებს მაღლა აიტაცებდა

და თითქოს სადღაც ცა იგრგვინებდა.

ხე ახლაც ლურჯი სევდით გასცქერის

კლდეებს, ჩანჩქერებს, ხევებს უძიროს

და ხელებაწვდილს მოხრილ თითებში

ბეღურის თბილი ბუდე უჭირავს.

 

1968