წყალი მასვი კოკითა
წყაროსთან ვარ, მწყურია,
წყალი მასვი კოკითა,
განა დასაწუნია
თუ სიყვარულს მოგიტან?
შენი ტრფობის სურვილმა
ცეცხლი შემომიკიდა,
წყალი მასვი კოკითა.
ეს ქვეყანა მივლია
სიმღერებად,
ლექსებად,
ყველაფერზე ტკბილია
შენთან გაალერსება.
ქალო, თავსაფრიანო,
შენი თხოვა მწადია,
შენ რომ ჩამოგიარო
ძილს გავიტეხ ადრიან.
თუ გულს არ მიზიარებ,
ეს ღიმილიც დარდია...
შენი თხოვა მწადია.
ცას დავიჭერ ხელებით,
ქუდს ვაცეკვებ თავანზე,
შევაშურებ,
გჯეროდეს,
ქორწილს ყველა ლამაზებს, _
დაირწევა ხმელეთი
ამ ჩემს განდაგანაზე.
ჩემთან ყოფნა სრულიად
ნუთუ აღარ მოგინდა?
გული გაბაწრულია
სიყვარულის თოკითა.
წყაროსთან ვარ, მწყურია,
წყალი მასვი კოკითა.
1961