როცა ყინვისგან დამზრალ თითებით,
მეგონა,
მაღალ ვარსკვლავებს მივწვდი,
კვლავ მომეძალა ქარის ზვირთები,
გაჩენილს დიდი განსაცდელისთვის....
და, მაშინ მივხდი,
სად მაღლატობდა,
სად დამეწია მუხთალი ბედი;
რა ახლოს იყო ელვა მნათობთა,
მაცოცხლებელი გულში იმედის!
გავხედე ტანჯვით გავლილ ბილიკებს,
სად სიყმაწვილე მიჰქროდა მარდი,
ოჰ, ის წუთები ჩემი ცხოვრების
უკანასკნელი იყო აღმართი...
მიკვირს,
სად გაჰქრა ზეცა მაღალი,
ან იმ მწვერვალზე როგორ ავედი -
საიდან მიწაც, ქვეყნის ყაყანიც
ისე შორია, ვით ვარსკვლვეთი!
თუმცა მეგობართ, მოძმეთა დავცილდი,
და, ყინულთ შორის გულაღმა მდებარს,
მესმის,
ჟამთა სვლა როგორ დასცინის
ქვეყნის გუგუნს და ცის მყუდროებას.
მაინც იმედად თქვენი ხმა შორი
ყრუ ჟრიამულით აწყდება მწვერვალს,
მე მიწას მოვწყდი ვით მეტეორი,
მე ცის და მიწის საზღვარზე ვწევარ . . .
ვიცი, გრიგალი დამიკრეფს მკლავებს,
ის თუ დაარღვევს ჩემს სიმარტოვეს,
ოჰ, ნუ დასძრახავთ შემკრთალ ვარსკვლავებს -
იქნებ მათ ჩემი მზერა ათრთოლებს!
და თუმც საფლავი არ გამაჩნია,
არც სამარის ქვა დინჯად მბობარი,
თქვენ მატაეთ ძვირფას აჩრდილად,
არ მინდა მე სხვა შესანდობარი.
ახსენეთ, ძმებო, ტკბილ სიმღერებით,
ვინც უგზოობას არ დაერიდა
და ყინულეთში დამზრალ ხელებით
ცისკენ მიმავალ ბილიკებს სჭრიდა!
1946 წ.