ჩვენ მივდიოდით ბილიკზე წყნარად
და სიზმარს ჰგავდა ოცნება ჩვენი,
შენ ჩუმად, შენთვის ამბობდი არას
და თითქოს არას ამბობდნენ ხენიც.
ჩუმი მოწყენით, შეუშფოთებლივ
იმეორებდნენ ამ შრიალს რტონი,
არა ამბობდნენ მწვანე ფოთლებიც
და შევცქეროდით ზეცას მარტონი.
და დიდიხანს, დიდხანს მთვარის ამოსვლას
ველოდით, უხმოდ გულში ვმღეროდით,
ცას მწუხრი ეცვა ტანისამოსად,
ჩვენც ჩვენს შორეულ გზას გავცქეროდით...
და როცა ცაზე გამოჩნდა მთვარე,
შენ დაგავიწყდა სასტიკი არა,
ის მწუხარება მოსცილდა თვალებს
და ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ წყარად.
იცი, ძვირფასო, მე უფრო მაშინ
მიყვარდი, როცა ამბობდი არას,
მე მაშინ ვგრძნობდი შენ სასტიკ ხმაში
რაღაც ჯადოსნურ ტკბილ უზუნდარას.
იცი, ძვირფასო, მე უფრო მაშინ
მიყვარდი, როცა ამბობდი არას!
1937 წ.
თვალადი.