Litclub.ge

ზაფხულის ღამის ქრონიკა
პატარა თამარ ჟღენტის ხსოვნას


შენ, ჩემო ცრემლო, უკვდავთა საფლავს 
დასადინარო და დიდო ცრემლო,
იშვილე, 
შერთე შენს მღვრიე ტალღებს 
ეს ერთი ცრემლიც, ანკარა ცრემლი, 
მცირე, უცნობი და უსახელო. 
შენ, ჩემო ლექსო, 
ქვეყნად სიცოცხლე - 
დიდხანს სიცოცხლე თუ გიწერია, 
ააგე ძეგლი ანკარა ცრემლის, 
დაუნგრველი, ამტანი ჟამის, 
მცირე, უცნობი და უსახელო... 
შენ, დიდო ძეგლო, 
უკვდავთა ძეგლო, 
შენ დაიფარე პატარა ძეგლი, 
მცირე, უცნობი და უსახელო, 
ერთი უცნობი გოგონას ძეგლი! 

* * *

დგას ათას ცხრას სამოცდაერთის 
ცხელი ზაფხულის ჩუმი საღამო, 
კარგა ხანია მზემ დაისვენა, 
მზე თრიალეთის მთებს მიეფარა... 
ალბათ, იღლება ის დიდი თვალიც 
ცის დიდი თვალი - 
მზეს რომ ვეძახით, 
ის იქანცბა სხივების ფრქვევით, 
ქვეყნიერების და ჩვენი ცქერით.
მეც დავიღალე ამდენი შუქით, '
აურზაურით, დიდი სინათლით. 
დიდი ქალაქის მხურვალე შუქით - 
ქუჩის ალმურით მეწვის თვალები. 
და მიხარია, როცა მზე ჩადის 
და ლოდინივით გრძელდება ჩრდილი, 
წყდება ხმაური და შეღამება 
მიახლოვდება სიჩუმესავით. 
როს დასავლეთის მეწამულ ფერებს, 
სხვადასხვა ფერის ჩრდილებს და ფერებს, 
შურით გასცქერის აღმოსავლეთი, 
შემოღამების შავ სათვალეში. 
მე მიხარია, როცა მზე ჩადის 
და მცირე კენჭიც ამაყობს ჩრდილით, 
და გახურებულ ქვაფენილებზე, 
აბიბინდება დუმილის ხავსი. 
სიჩუმე არის ფიქრების დედა, 
მოვა თუ არა - 
იღვიძებს ფიქრიც. 
სამალავიდან გამოდის ფრთხილად 
და ჩემს გარშემო სიარულს იწყებს. 
სადღაც ქალაქის დიდ სამრეკლოზე 
უკვე მეოთხედ რეკავს საათი. 
რეკავს საათი და მაინც სძინავთ 
ნათელ პროსპექტებს, ბნელ შესახვევებს, 
ქუჩების პირას ბნელი სახლები, 
დიდი სახლები - 
დგანან და სძინავთ, 
თითქოს შეუსვამთ დუმილის ბანგი - 
და გიკვირს, 
ვისთვის რეკავს საათი! 
ამ დროს მე თითქოს მივიწევ ზევით 
და ჩემი ფიქრის მაღალ კოშკიდან 
ვათვალიერებ შავი ჭოგრიტით 
დიდი ქალაქის დეკორაციებს. 
სხვაგვარად სუთქვას თბილისი ღამით. 
და მისი გულიც სცემს სხვანაირად, 
ვუსმენ და ვუმზერ, დუმილით ვუმზერ, 
და ჩემი ფიქრი - 
როგორც რენტგენი 
უცებ აშუქებს დიდი სახლების, 
სახურავების, კედლების შიგნით, 
ბნელი ფანჯრების, მძიმე ფარდების, 
მჭიდროდ ჩარაზულ ჭიშკრების მიღმა, 
დღიური დრამის მდუმარე სცენას, 
დუმილით ვუმზერ და ცხადად ვხედავ
უხილავ ფერებს, უჩინარ საგნებს... 
და იწერება ცის პერგამენტზე 
ზაფხულის რამის დიდი ქრონიკა. 

სადღაც, ქალაქის დიდ სამრეკლოზე, 
უკვე მეოთხედ რეკავს საათი. 
რეკავს საათი და ყველას სძინავს, 
სძინავს შენს მტერსაც და მეგობარსაც. 
სძინავთ სიზმრებში საყვარელ ბავშვებს, 
ერთგულ მეუღლეს და ორგულ ქალებს, 
დავიწყებულებს, დაუვიწყართაც, 
ვინც მოსვენებას არ გაძლევს დღესაც, 
ვინც დაივიწყე და აღარ გახსოვს, 
ვინც დაივიწყე და მაინც გახსოვს... 

შორს, 
სამრეკლოზე რეკავს საათი... 
შენ გიხარია, რომ ყველას სძინავს, 
და შუაღამის დიდ სიჩუმეში 
შენი ფიქრების ისმის ხმაური. 

* * *

დღეიდან ვიწყებ ქრონიკის წერას, 
ჩემი ფიქრების ქრონიკის წერას. 
მოკლე დღეების, გრძელ ღამეების 
ქრონიკს წერას... 
ქრონიკს ვიწყებ ჩვენი დროიდან, '
ძველ ამბებს, ალბათ, ოდესმე დავწერ. 
დავწერ ყველფერს, რაც მაღელვებდა, 
რაც მაფიქრებდა სიჭაბუკეში, 
დავწერ ყველაფერს, 
რის თქმაც მინდოდა, 
მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი. 
ჯერ ისევ ფეთქავს გული ძლიერად, 
სუნთქავს, მიმოდის, იძვრის და ყივის, 
და მოუთმენლად მოელის ფიქრთა 
ყინულის დნობას და წყალდიდობას. 
დადგება ჟამი, მე ვიტყვი ჩემი 
მზის ამოსვლის და ჩასვლის სიმღერას, 
ვიტყვი ერთბაშად, სულმოუთქმელად, 
ჩემი შუადღის ყველა სიმღერას. 
მაგრამ ეს შემდეგ... ჯერ დამდგარა
ჟამი ანდერძის და აღსარების. 

სხვა არის ჩემი ქრონიკის თემა: 
ბევრ ვიფიქრე და დიდხანს ვწერდი, 
გულისტკივილით და სევდით ვწერდი 
ერთი პატარა გოგონას ამბავს. 
დიახ, მე ვწერდი, ვწერდი და ვხევდი, 
გულისტკივილიტ და ბოღმით ვხევდი, 
რადგან ჩემს ნაწერს, ფიქრებს და სიტყვას
არ ჰქონდა ძალა იმ მწარე წამლის - 
სპეტაკ ქაღალდში გახვეულ წამლის, 
რომელსაც უნდა ეხსნა გოგონა... 

შენ, კრიტიკოსო, შუბლს ნუ შეიკრავ, 
უცებ ნუ ასტეხ დავიდარაბას, 
ნუ დამიჩლუნგებ გაბედულ კალამს, 
ნუ შემიშინებ სანატრელ სტამბას, 
ნუ ჩაჰკირკიტებ ცალკე სტრიქონებს, 
ნუ მიშლი ოხვრას, გულის მიმოხრას 
წაუკითხავად ნუ მიწყებ ძრახვას, 
კეთილი არის ჩემი განზრახვა. 

ვიცი, სიკვდილი გაშინებს ძლიერ, 
ტაბუ დაადე სიკვდილის თემას, 
სიძულვილს, მტრობას, 
მეგობრის ღალატს, 
ძლიერ სიყვარულს, ტვინის ანთებას - 
და სხვა ათასგვარ დავიდარაბას, 
რაც შეიძლება ჩვენს დროშიც მოხდეს. 
ჩვენ, ზოგი ადრე და ზოგი გვიან, 
წავალთ, გავხდებით მდგმურები მიწის, 
და, ალბათ, ცრემლებს ჩვენც დაგვაყრიან, 
ვინც დატირების ვიქნებით ღირსნი! 
როგორ გავზომო ცრემლის საწყაო, 
ან რით გავზომო, 
გრამით თუ მისხლით 
ან თუ გულს მოსწყდა უეცრად ოხვრა - 
კეთილშობილი სუნთქვა გულისა, 
რა ვქნა, 
არ უნდ ამოვიოხრო, 
არ გითხრათ - 
გული მეთანაღრება, 
თავი მიბრუის და სუნთქვა მეკვრის. 
მითხარი, 
როგორ გავზომო სევდა, 
სად დავდო ფიქრის ბჭე და საზღვარი, 
თუ მენაღვლება, 
თუ მეოხება - 
შენი ნებართვით ამოვიოხრო? 
ამოხიოხრო მხოლოდ ნახევრად? 
ნახევარ გულით როგორ ვიმღერო, 
რა ეშველება გულის ნახევარს, 
რომელსაც უნდა ოხვრაც, სიმღერაც. . . 
ნახევარ ფიქრით როგორ ვიფიქრო, 
რა ეშველება ფიქრის ნახევარს? 
მე მთელი გულით მინდა ცხოვრება, 
ნახევარ გულით როგორ ვიცხოვრო?!

მაგრამ, ჯერ პირველ ნათქვამს მივხედოთ, 
მასთან მივიდეთ, რითაც დავიწყეთ... 
დღეიდან ვიწყებ ქრონიკის წერას, 
ჩემი ფიქრების ქრონიკის წერას, 
ვწერ, როგორც პროზას, 
უბრალოდ, დინჯად, 
ლამაზი თქმების დაუხარჯავად. 
გზადაგზა ხშირად ვღალატობ რითმას, 
ვწერ ისე, როგორც ფიქრი მკარნახობს, 
ვწერ ისე, თითქოს ვიღაც მკარნახობს, 
ჩემზე ძლიერი და გონიერი, 
მე მეჩქარება, სათქმელი მახრჩობს, 
გული არ უცდის სიტყვის გარანდვას... 

ნუ მკითხავთ, რატომ გვაუწყერ რითმას, 
დავთმე დროეით თუ სამუდამოდ. 
ეს მე არ ვიცი, ეს ფიქრებს უნდათ, 
ვნებიან ფიქრებს, ფიქრიან ფიქრებს, 
ფორიაქიან, სიცხიან ფიქრებს - 
ეს ჩემი ლექსის აღსასრულია! 

და ისე, როგორც ცხელი აგვისტოს, 
დიდი შუადღის მძვინვარე მზეში, 
ვაჟკაცის მკერდი ვეღარ ისვენებს, 
ბორგავს, პერანგსი ვეღარ ეტევა, 
ნატრობს სიგრილეს და გაშიშვლებას - 
ლექსსაც მოსწყურდა თავისუფლება, 
სიშიშვლე ძვლების, სიშიშვლე ხორცის, 
ბორკილს ლეწავენ ლექსის მკლავები, 
ხარბად სუნთქავენ ლექსის ფილტვები - 
მოსწყურებიათ სულ სხვა ჰაერი! 
ჰო, აპატიეთ უცნაურ ფიქრებს 
ეს სითამამე - ღალატი რითმის... 
თორემ ჰა, რითმაც ადვილად ითქმის! 
შეუნდეთ სიტყვის ლაღი ნავარდი, 
სულ ყველაფერი... ისიც შეუნდეთ, 
თუ თეთრი ლექსი - 
როგორც ჭაღარა, 
ამ ჩემს ქრონიკას გამოერია. 
მაინც რა არის ეს თეთრი ლექსი - 
სიჭაბუკე თუ სიბერე სიტყვის? 

თუ რითმა არის ლექსის მარილი, 
რად გვეზარება აღზევანს წასვლა? 
თუ რითმა არის ლექსის ბორკილი, 
რად გვეზარება ბორკილის მსხვრევა?! 

* * *

მე დავინახე ჩემი ფანჯრიდან
შავკაბიანი მწუხარე დედა. 
ქვაფენილებზე გაშლილ ჩრდილებზე 
ის ფეხაკრეფით მოაბიჯებდა. 
მისჩერებოდა უაზროდ წერტილს, 
უცხო თვალისთვის უჩინარ წერტილს, 
მოაბიჯებდა სიჩუმის გვერდით 
და მისთვის ახლა იყო სულ ერთი - 
ქვაფენილებზე იწვნენ ხეები, 
თუ მოქანავე ხეთა ჩრდილები... 
ის თითქოს იდგა და მოდიოდნენ, 
ჩემი ფანჯრისკენ მისი თვალები. 
ჰო, ასე ჩანდა... 
მხოლოდ თვალები, 
დაჭრილი ვეფხვის მქისე თვალები. 
ბნელში ელავდნენ მისი თვალები, 
ბოკვერდაკარგულ ვეფხვის თვალები, 
დიდრონი, მწყრალი, შეუბრალები 
ახლოვდებოდნენ ვეფხვის თვალები. 
მე გამახსენდა და შემეშინდა... 
უეცრად შევკრთ, მივბრუნდი სწრაფად, 
მაგრამ მე ვგრძნობდი - 
ბნელი ქუჩიდან
ვიღაც უმზერდა ჩემ ფანჯრის რაფას 
ვინ იცის, იქნებ არც კი უმზერდა... 
და ვთქვი, გუმანმა მიმტყუნა ალბათ. 
მან რა იცოდა, თუ ვინმე წერდა 
მისი პატარა გოგონას ამბავს! 
მან რა იცოდა, თუ მაღალ სახლის 
ფართოდ გაღებულ ფანჯრბის მიღმა
იჯდა უცნობი მაღალი კაცი 
და ყოველ ღამე შეუსვენებლად, 
სულმოუთქმელად წერდა და წერდა
ადრე დაღუპულ გოგონას ამბავს. 
მან არ იცოდა... 
მაგრამ მე ვგრძნბდი, 
ის იდგა ქვემოთ, ის იდგა ჩუმად, 
ის იდგა ბნელი სიჩუმის გვერდით 
და სევდიანი მწყრალი თვალებით 
მისჩერებოდა მაღალ ფანჯარას... 
მან არ იცოდა... 
მაგრამ ვინ იცის, 
იქნე იცოდა, იქნებ იცოდა?!.
ამ უბანს ერქვა ვარდისუბანი, 
ახლაც განთქმული არის ვარდებით, 
წითელ ვარდებით, თეთრი ვარდებით, 
ლურჯი და თეთრი იასამანით... 
აპრილში, როცა იხსნება ზეცა, 
მაისში, 
როცა იძახის მიწა, 
და მათრობელა სურნელი დგება
ია-ვარდის და იასამანის, 
იქ ბულბულების გაისმის ყეფა,
ზოგჯერ ყივილიც ისმის მამლისა. 
ამ უბანს ერქვა ვარდისუბანი, 
მე შევეზარდე მის მყუდრო უბეს.. 
როგორც მთაწმინდას ჰქვია მთაწმინდა, 
როგორც დიდუბეს ჰქვია დიდუბე - 
ამ უბანს ერქვა ვარდისუბანი. 

შემდეგ უწოდეს მას კაცის გვარი, 
ვარდის სახელი მას აღარ ჰქვია, 
მაგრამ ვარდები სხვადასხვაგვარი, 
სხვადასხვა ფერის ვარდი და ია 
ეზო-ბაღებში, შესახვევებში 
წითლად, იისფრად მაინც ანთია. 
მაინც თბილისსი ყველაზე ადრე
ამ ძველი უბნის ყოველ შენობას, 
ყოველი სახლის ერდოს და სარკმელს 
ულოცავს გუნდი პირველ მერცხალთა 
იათფენობას და ვარდფენობას. 
აღარ ამშვენებს ძველი სახელი 
ახალ ეზოთა ჭიშკრებს და აბრებს... 
მაგრამ ის შერჩა პოეტის ხსოვნას 
ვით სიჭაბუკის რამ სახსოვარი. 

არის წუთები, როდესაც გული 
მოულოდნელად შეიგრძნობს ტკივილს, 
წაიგიღებს ჯავრი და სინანული 
და თითქოს სულში ვიღაცა კივის... 
მოულოდნელად წაგიღებს სევდა, 
აგტკივა ხორცი და გტეხავს ძვლები, 
ირგვლივ 
ვერავის, 
ვერაფერს ხედავ, 
გგონია წუთი და გადის წლები. 
და შეგძაგდება სიმღერაც, ლექსიც, 
დაიხურება გულის სარქველი, 
რადგან ამქვეყნად არავის ესმის 
ძახილი შენი და სიტყვა წრფელი. 
აგტკივა ხორცი და გტეხავს ძვლები, 
მოდის სიბერე, 
დრო უღვთოდ მიჰქრის, 
გადის დღეები, თვეები, წლები, 
ბედნიერების ერთ წუთზე ფიქრით. 
იმ ერთადერთი წუთის იმედით, 
რომელსაც არ აქვს განი და სიგრძე - 
როდესაც ვიღაც მოვა და გეტყვის: 
მე გავიგონე და რაღაც ვიგრძენ! 
მე გავიგონე შენი ძახილი, 
შენ აღმადგინე, შენ გამაღვიძე, 
მე გავიგონე შენი ძახილი, 
ძახილში ჩემი ტკივილი ვიგრძენ! 
მე გავიგონე შენი ძახილი, 
ძახილში ჩემი ტკივილი ვიგრძენ! 
ბედნიერების იმ წუთზე ფიქრით, 
როდესაც ვიღაც უცნობი კაცი 
მოგესალმება ავსებულ ჭიქით, 
გაგიღიმებს და უსიტყვოდ დასცლის... 
ამგვარი ფიქრით, ამგვარი ნატვრით 
მე დავდიოდი მასისი მზეში, 
ჩემი ფეხის ხმა ისმოდა მხოლოდ 
პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში. 
ცხელოდა, იყო შუადღის ჟამი. 
მე ჩავუარე ერთ მწვანე ეზოს, 
ხმა შემომესმა, შევჩერდი წამით, 
დაუფიქრებლად და უმიზეზოდ. 
და უმიზეზოდ. . .
რადგან ამ დილით 
სულ უმიზეზო ეჭვი და ფიქრი 
მე მეძახოდა დროის, მანძილის, 
ნაცნობ ქუჩების, თბილისის იქით... 
გოგებაშვილის წყნარ შესახვევში, 
ცისფრად შეღებილ მესერს გადაღმა - 
პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში 
ლექსს კითხულობდა ვიღაც ხმამაღლა. 
სარკმელთან იჯდა ქერა გოგონა, 
ორი ნაწნავი ეფინა მკერდზე, 
და თითქოს ქვეყნის, მზის გადაგონად 
იმეორებდა ხმამაღლა ლექსებს. 
ის კითხულობდა და კითხულობდა, 
შეისვენებდა და განაგრძობდა, 
აღფრთოვანებით ის კითხულობდა 
და ლექსის გარდა ვერაფერს გრძნობდა. 
ეს იყო სადღაც... ის იყო მარტო. 
შორს იყო ქუჩა, შორს იყო სახლი. 
ის ვერ ხედავდა იასამნს რტოს, 
მის ფანჯარაში ლურჯად გდახრილს. 
ის ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა ვერვის, 
ისე ამბოდა თავის სიმღერას 
და ვერ ამჩნევდა ხეს მოფარებულ 
მისი ფიქრების უცნაურ მზვერავს. 
პატრა ქუჩის დიდ სიჩუმეში 
მე იმ გოგონას ვუსმენდი როცა - 
ცხადად ვხედავდი მაისის მზეში 
თოვლით დაფენილ ტრიალ მინდორსა. 
. . . თოვლით დაფენილ ტრიალ მინდორსა 
თითქოს ღრმა ძილით ჩასძინებოდა... 
ის მიდიოდა და მიდიოდა 
და მიაპობდა თოვლსა და ნამქერს, 
მაისის მზეში ის მიდიოდა 
და მიაპობდა თოვლსა და ნამქერს. 
სადღაც შორს, თოვლში მოჩანდა სკოლა, 
ელავდა ზოლი მკრთალი შუქისა, 
პატარა თითებს უვლიდა ჟრჟოლა 
ყინვის და მისი ბაქიბუქისა. 
და მეც მციოდა, მეც მაშინედა 
თეთრი სიჩუმე უსაზღვრო თოვლის. 
შორს კი, სადღაც შორს, ჩანდა იმედად 
პატარა სკოლა და ბუხრის ბოლი. 
და გამახსენდა უეცრად ღმერთი, 
ცეცხლი რომ უზის თვალთა მშუქრებად - 
ბოროტი ღმერთი, 
ატომის ღმერთი, 
დღემუდამ წარღვნით რომ ემუქრება 
ამ მწვანე ეზოს და ცისფერ მესერს, 
ამ წყნარ ქუჩაში მიმვალ მგზავრებს, 
ქერა გოგონას, მის ქართულ ლექსებს, 
მის ია-ვარდებს და იასამანებს. 
ღმერთო, 
შენ ჩვენო კეთილო ღმერთო, 
ქართული სიტყვის მფარველო ღმერთო, 
გონიერების, 
მშვენიერების, 
ბედნიერების მფარველო ღმერთო - 
ღმერთო, 
მიცოცხლე ქართული სიტყვა, 
არ გააგონა ხმა გუგუნის, 
გარდაუვლინე წარღვნა და სეტყვა
აწ და მარადის და უკუნისად! 
და წინ და უკან ვიდოდი დიდხანს 
გავარვარებულ მაისის მზეში. 
ისმოდა მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა 
პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში. 
არ მიმიხედავს, ვგრძნობდი იდუმალ, 
ვხედავდი ფიქრის იდუმალ თვალით, 
ღია ფანჯრიდან მიმზერდნენ ჩუმად 
დიდი თვალები პატარა ქალის... 
უცებ გაისმა ჭიშკრის ჭრიალი 
პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში... 
ცისფერ მესერთან იდგა გოგონა, 
იასამნის რტო ეჭირა ხელში. 
და მის თაფლისფერ დიდრონ თვალებში, 
მის მოალერსე კეთილ თვალებში, 
ამ წუთით შემკრთალ ბავშვურ თვალებში 
ჯერ ისევ კრთოდა სითბო და ეშხი 
სარკმელში გულით ნათქვამი ლექსის. 
ის წამოვიდა ყოყმანით, ნელა, 
და ჩემ წინ თავი დახრა ოდნავ, 
და გაღიმებით, სიტყვის უთქმელად 
იასამნის რტო გამომიწოდა. 
უცებ გაბრუნდა. მე დავრჩი მარტო, 
შევკრთი და სიტყვა ვეღარ დავძარი. 
მინდოდა მეთქვა, 
რას ნიშნავს... რატომ? 
ვისი ხარ, ვინ ხარ, პატარა ქალო? 
ენა დამება და სახტად დავრჩი 
და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი. 

თუმც მისი სახის კარგად დანახვა - 
დამახსოვრება ვერ მოვასწარი, 
გულს მაინც შერჩა და მახსოვს ახლაც 
მქრალად გაკრული წარბების ბწკარი. 
მქრალად გაკრული წარბების მწკარი 
და თეთრი ზოლი გაყოფილ თმების. 
დაფიქრებული და მოღიმარი 
გაოცებული დიდი თვალები. 
თუმც მიზიდავდა თვალები თბილი, 
მაინც აშუქებს დიდი ხნის აქეთ 
ორი ელვარე ნაფოტა კბილი 
ღიმილით ოდნავ გაპობილ ბაგეს. 
უცებ გაბრუნდა, ვერ მოვასწარი, 
მაგრამ ხსოვნაში ცოცხლდება ლანდი - 
ბეჭებზე ორი ქერა ნაწნავი, 
ორი ნაწნავი და ორი ბანტი. 
სხვა ყველაფერი შეუბრალებლად 
მიმოიფანტა ხსოვნის ბურანში, 
რადგან თვალების, მხოლოდ თვალების 
მოახლოვებას მე ვგრძნობდი მაშინ... 
გოგებაშვილის წყნარ შესახვევში, 
პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში - 
დაფიქრებული ვიდექი დიდხანს, 
იასამნის რტო მეჭირა ხელში. 
და მაღლდებოდა სული ზეცამდე. 
მესმოდა რეკა იდუმალ ზართა, 
თითქოს არ მეგრძნოს, არ განმეცადოს 
ადრე და შემდეგ... ამ წუთის გარდა. 
მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის, 
მაგრამ დუმილის უსაზღვრო სივრცემ 
მე დამიბრუნა მისი ჩურჩული, 
მე გავიგონე და რაღაც ვიგრძენ. 
მე გავიგონე მისი ჩურჩული 
და თითქოს გული შებრუნდა წაღმა - 
ჩუმი ღიღინით შევუდექ აღმართს, 
ჩემი ფიქრის და ოცნების აღმართს. 

. . . 

მაგრამ ვაი, რომ ის აღარ არის... 
უეცრად გაჰქრა პატარა ქალი. 
მხოლოდ გამხმარი იასამანი - 
იმ ერთი წუთის მოსაგონარი 
აქამდე შერჩა პოეტის ოთახს, 
მძიმე ფიქრებით ავსებულ ოთახს, 
მტვრიან წიგნებით სავსე მაგიდას, 
ვნებით, ოცნებით გადამწვარ ჰაერს, 
თამბაქოს კვამლით გაბოლილ ჰაერს... 
და როცა ქარის მოქროლებ 
იასამანის რტოს შეარხევს ოდნავ, 
სიტყვასთან ბრძოლით დაქანცულ პოეტს
ესმის შრიალი იმ ერთი წუთის, 
ბედნიერების იმ ერთი წუთის, 
დაუვიწყარი და კარგი წუთის. 

მზე თრიალეთის მთებს მიეფარა, 
კარგა ხანია მზემ დაისვენა... 
მე ისევ ვუსმენ ზაფხულის რამის 
სიცხიან ფიქრებს. 
ვუსმენ და ვუმზერ. 
სადღაც, ქალაქის დიდ სამრეკლოზე
ისევ ხმამაღლა რეკავს საათი. 
რეკავს საათი და მაინც სძინავთ
ნათელ პროსპექტებს, ბნელ შესახვევებს. 
ქუჩების პირას ბნელი სახლები, 
დიდი სახლები დგანან და სძინავთ - 
თითქოს შეუსვამთ დუმილის ბანგი, 
და გიკვირს, 
ვისთვის რეკავს საათი! 
უსმენ და გიკვირს.. ფიქრობ და ხვდები 
ის რეკავს შენთვის. 
სიჩუმევ, ჩემი ფიქრების დედავ, 
ამიშრიალე ოცნების ფრთები, 
ამიხმაურე მშვიდი ფიქრები, 
ცდაში დავმარცხდე თუ დავმარცხდები! 
მე შენ საათის რეკვაში გხედავ, 
ჩემი ფიქრების და პაპიროსის 
კვამლით გაბოლილ ოთახში გხედავ, 
თუკი რამ მითქვამს - 
შენ მათქმევინე, 
მიშველე, 
ახლაც ჩამიდგი ენა, 
მიშოვე სიტყვა და მომეც ფრთები, 
სიჩუმევ, 
შენ ხარ ჩემი სამრეკლო, 
ჩემი ფიქრის და ლექსის სამრეკლო! 

* * *

შორს, 
აიდაჰოს მშვენიერ შტატში
მოულოდნელად გავარდა თოფი - 
ტყვიაში თურმე სიკვდილს ეძინა... 
მან გააღვიძა და მოჰკლა კაცი, 
ვინც წინა ღამით ხედავდა სიზმრად 
წითელფაფრიან უდაბნოს ლომებს 
და სანადიროდ ემზადებოდა. 
ის სანადინროდ ემზადებოდა, 
სიზმრად ხედავდა უდაბნოს ლომებს, 
მაგრამ დაცინვით უმზერდა ლულა - 
ტყვიაში თურმე სიკვდილს ეძინა. 
კაცს გაღვიძებულს დილაადრიან 
ჰქონდა სურვილი, ჰქონდა მისანი, 
მაგრამ ლულიდან ცბიერმა ტყვიამ 
ევას თვალივით გამოიხედა... 
ტყვიასაც თურმე ტანჯავს მიზანი 
სახელის შოვნის და უკვდავების 
და ცივ ყალიბში ჩამოსხმის დღიდან 
არჩეულ ნიშანს დაცინვით უმზერს. 

კაცის გონებით და ხელით შექმნილს 
გამოჰყოლია ბუნება კაცის - 
მასაც სურს იყოს ცნობილი ქვეყნად, 
მონატრებია სახელი მკვლელის... 
ჯავრი კლავს უგზოდ დაკარგულ ტყვიას 
და დავიწყების ედება ხავსი. 
ვით სიკვდილის წინ უმიზნო კაცი 
თავის გაჩენას წყევლის და ნანობს. 

არის ნათელი და ბნელი ტყვია, 
ბნელი დაეძებს ღირსეულ ვაჟკაცს, 
მისი მსხვერპლია ხალხის რჩეული, 
მისი გმირი და მისი მოძღვარი.. 

შორს, 
აიდაჰოს მშვენიერ შტატში 
მოულოდნელად გავარდა თოფი - 
ტყვიაში თურმე სიკვდილს ეძინა. 
ამ ბნელმა ტყვიამ მე გამახსენა 
ბოროტი ტყვია - 
ილიას მკვლელი. 
და მიკვირს ძლიერ, 
რად ვუფრთხილდებით, 
რისთვის ვინახავთ საგურამოში. 
დაცინვით გვიმზერს ვერაგი ტყვია, 
როგორც იუდას ცბიერი თვალი, 
და ავაზაკთა ნათითურებზე 
აღბეჭდილია სირცხვილი ჟანგი. 
შორს, 
აიდაჰოს მშვენიერ შტატში 
მოულოდნელა გავარდა თოფი - 
მაგრამ ვერ მოჰკლა ხალხი რჩეული. 
ის მოკვდა მთებში ბრძოლით დაღლილი, 
უკანასკნელი თეთრი ვეფხვივით. 

* * *

ასევე უცებ - 
ორი წლის წინათ, 
პოეტმა სცადე ცისკენ გფრენა, 
ცაში სიკვდილი, თავის გაწრვა, 
გალეგენდება და გაზღაპრება... 
მან წინა ღამით იხილა სიზმრად 
მიუწვდომელი მთაწმინდის მთები 
და ჩამოესმა ყივილი ციდან, 
მძლავრი შრიალი არწივის ფრთების. 
იმ არწივივით გაფრენა ცისკენ
გულსაც სწყუროდა, სულსაც სწყუროდა, 
სწყუროდა ძლიერ, დაუსაბამოდ 
უკიდეგანოდ, უსასრულოდა! 
მას იზიდავდა დიდი მთაწმინდა
და სივრცეებში დაკრულ ტაში, 
მონუსხულივით ცისკენ გაფრინდა 
სული არტისტის, ჟინიან ბავშვის... 
წამოდგა როგორც ხიმიკაური 
და მიეგება აღსასრულს გზაში. 
არა, მას შუქი დიდ სიამეთა 
არ მოჰკლებია თბილისის მზის ქვეშ, 
არც კაეშნიან ცისფერ ღამეთა
ტეხვა, თენება თბილისის ცის ქვეშ. 
დიდი ხმაური და მდუმარება
ნაცნობ ქუჩების და ნაცნობ ხეთა, 
უცნობ ქუჩების იდუმალება, 
ახალი წყნეთი და ძველი მცხეთა... 
ჭვრეტა ლამაზი გადასახედის - 
ვერის დაღმართის და ვერის ხიდის, 
დილაარიან ვერის ბაზარში 
გავლა-გამოვლა გაღეღილ მკერდით, 
არ მოსწყენია ხმათა ხავერდი, 
სუნი ალერდის, თქმა ალავერდის, 
ბაზარსი, დახლთან დალოცვა ხალხის
და ჟრუანტელი პირველი არყის... 
არ მოსწყენია საქართველოსაც 
მისი სიცოცხლე და მისი ეშხი, 
მისი სიმღერა და მისი ლოცვა, 
კიპარისივით მაღალი ლექსი. 
არ მოსწყენია, მაგრამ სხვა არის, 
ალბათ, სხვა არის... სიკვდილის ცაში. 
მიუწვდომელი, გაუგებარი - 
ის სიცოცხლეზე უკეთესია, 
პოეტისათვის კარგი სიკვდილი 
უკანასკნელი კარგი ლექსია! 
და როცა იგი დამსხვრეულ ფრთებით, 
გატეხილ შუბლით ჩვენს წინ ესვენა - 
მე გავიფიქრე, 
ის არის ცაში, 
ის არც ყოფილა, ის მოგვეჩვენა. 

მზე ლამაზია, როცა ამოდის 
და უფრო კარგი - როდესაც ჩადის, 
მე შორით ვეტრფი მის დაბადებას
და ვესლმები მის ლამაზ სიკვდილს... 
მაგრამ შუადღე, დიდი შუადღე, 
მე მიმაჩნია შექების ღირსად: 
თან მოაქვს რაღაც დიდი და კარგი 
მის ხორშაკიან პაპანაქებას. 

დიდ მზეში თბება დამზრალი ძვლები, 
მზევდება კაცის სისხლი და ხორცი, 
გვაშრება ტანზე ოფლი და ჭუჭყი, 
შორდება სხეულს, მტვერდება მზეში. 
ყველა სხეულში და ყველა ნივთში, 
ბალახში, ხეში და წვიმის წვეთში, 
ახლად წამოსულ თოვლის ფანტელში 
მისი სხივები დაფარფატებენ... 
ახლად ამოსულ მინდვრის ყვავილში 
ზის ანდამატი და მზეს იზიდავს, 
მებადურივით მზის სხივებს იჭერს. 

მზისკენ, დიდ მზისკენ, მხურვალე მზისკენ, 
გავარვარებულ შუადღის მზისკენ - 
ზამთრის ყინვების, სიცივის შემდეგ 
ხელებგაწვდილი მივილტვით ყველა: 
ძლიერი კაცი, სუსტი პეპელა, 
კვირტი დამზრალი, ხე ნაზამთრალი, 
რომ გამოვტაცოთ მზეს ჩვენი წილი, 
ჩვენი არჩივი სითბო და შუქი. 
მისი სინათლე და სითბო გვშია, 
ვსუნთქავთ მზის სხივებს და მის ოხშივარს. 
მზის სხივი შედის გათოშილ ფესვში, 
მიწიდან მისი ჩურჩული გვესმის, 
მზის სხივი შედის კაცის ძარღვებსი, 
მზის სხივი შედის კაცის თვალებში, 
სისხლივით შედის ვაზის ლერწმებში, 
ფოთლებს და მტევნებს ეალერსება, 
ალათ, ამიტომ გვათბობს და გვთენთავს, 
გვაბორიალებს და გვათრობს ღვინო... 
ყველაზე მეტი მზე თვალებშია, 
ფართოდ გახელილ ქალის თვალებში. 
ალბათ, ამიტომ გვათბობს თვალები, 
ალბათ, ამიტომ გვათრობს თვალები! 
მზე დიადია, ყველას გვეყოფა 
მისი ნექტარიც და მისი შხამიც, 
როცა მზეში ვართ, მზეში დავდივართ, 
ჰგავს საუკუნეს გავლილი წამი, 
მაინც სიხარბით იზრდება გული - 
ჩვენი სურვილის საწყაო ვრცელი. 
არ გვყოფნის სხივი მზის ნაბოძები, 
არ გვყოფნის წამი მზის ნაბოძები, 
და სხვა უცნაურ სასწაულს ველით. 
ელავს, აშუქებს, მივდევთ და ველტვით, 
მისკენ ვისწრაფვით და გვინდა მეტი, 
მზისკენ გაწვდილი თვალები გვტკივა, 
მზისკენ გაწვდილი ხელები გვეწვის. 

* * *

ოდესღაც, დიდი ლაშქრობი წინ მათხრახის ცემით 
დააცხრო თურმე დიდმა ქსერქსემ ზღვა ბორგანული... 
ზღვა ბოროტია, 
მრისხანე და შეუპოვარი, 
დაუნდობელი -
დაგმობის და გაკიცხვის ღირსი, 
ის თავის ძალას უგუნურად იყენებს ხშირად. 

ამბობენ - 
იგი კეთილია.. მან ხომ მებადურს, 
ღარიბ მებადურს მარგალიტი დიდი აჩუქა. 

ზღვა ცხოვრებაა - 
ზოგს უღიმის, ზოგს ემუქრება. 

ზღვის პირას ჭაბუკს ტალღამ დაჰკრა და გააბრუა. 
მუხანათურად მიეპარა, კლდეს მიანარცხა... 

ზღვა ბობოქრობდა, 
იგი მაინც წამოდგა ფეხზე. 

სტკიოდა ძვლები, 
იგი მაინც წამოდგა ფეხზე. 
სტკიოდა ხორცი, 
იგი მაინც იღიმებოდა... 
იღიმებოდა, 
მას რცხვენოდა - 
ეთქვა მიშველეთ. 
ეთქვა ხმამაღლა -
ვიღუპები, მოდით, მიშველეთ! 
ტალღა ითრევდა, ახრჩობდა და ... იღიმებოდა. 
ის უხერხულად და უმწეოდ იღიმებოდა, 
ფეხქვეშ ქვიშა გაურბოდა, იღუპებოდა. 
იღუპებოდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა, 
ის უხერხულად და უმწეოდ იღიმებოდა. 
ნაპირზე იდგნენ მეგობრები და ხელს უქნევდნენ, 
მათ სწამდათ მისი ვაჟკაცობა, ძალა ვეფხური, 
კარგად ხედავდნენ მის უცნაურ განწირულ ღიმილს, 
და მაინც მშვიდად მის გამოსვლას ელოდებოდნენ. 

ის გრძნობდა - 
ბედი ღალატობდა. . . 
ზღვა ბობოქრობდა. 
და ვერ გაბედა, ვერ გაბედა, ვერ დაიძახა. 
ვერ დაიძახა - 
ვიღუპები, მოდით, მიშველეთ! 
ვერ დაიძახა... 

მეგობრები იდგნენ ნაპირზე. 
ის იხრჩობოდა და უმწეოდ იღიმებოდა... 

და იგი ისე დაიღუპა, არ თქვა: მიშველეთ. 
არ თქვა - 
მიშველეთ... 
ასეთია ბედი ამაყთა. 

მახსოვს, მეც ერთხელ სიჭაბუკეში 
ზღვამ მომიტაცა, მაგრამ გადავრჩი... 
და ხშირად ვფიქრობ - 
როგორ გადავრჩი, 
იმგვარ ღელვაში, იმგვარ წარღვნაში 

. . . 

ცაზე მზე იყო, დღე იყო მშვიდი 
და არსაიდან ველოდი ავდარს. 
მე მივცურავდი, ძალ-ღონეს ვცდიდი, 
ზღვა იყო წყნარი და მიზიდავდა. 
არად ვაგდებდი პატარა ღრუბელს, 
მქონდა იმედი მუხლის და მკლავის. 
მე მეძახოდა ზღვის თბილი უბე 
ლურჯი ცისა და ზღვის შესრთავი. 
ღონე მერჩოდა, სურვილი მქონდა, 
ზღვას მივაპობდი მკერდით ძლიერით, 
მეგონა, მალე გამოჩნდებოდა 
უსაზღვრო სივრცის დასალიერი, 
მეგონა, მალე დავინახავდი, 
სულ სხვა სივრცეებს 
და სულ სხვა ნაპირს, 
შორს, შორს მოჩანდა ნატვრის ნახატი, 
მისკენ მეძახდა ოცნება სწრაფი. 
მაგრამ უეცრად მძლავრმა ქარბუქმა
გაბოროტებით ზღვას დაუბერა, 
აიმღვრა წყალი, ზეცა გამუქდა. 
მზე დააბნელა შავმა ღრუბელმა. 
იდუმალ ძალით და წაქეზებით
ღრუბლიდან მეხმა მესროლა ელვა, 
თვალებში გამკრა ცეცხლის კვესები... 
და ზღვამ ბოროტად დაიწყო ღელვა. 
თურმე მრისხანე პოსეიდონი 
მითვალთვალებდა ღრუბლების ტახტით. 
ულამ ტალღები დასძრა დიდრონი 
აბორგებული ქარიშხლის ლახტით. 
ალბათ, შეშურდა უცნობ ჭაბუკის 
დაუდგრომელი ოცნების ძალა, 
მზეს მოეფარა, ჩამიქრო შუქი, 
ზღვაზე ნავარდი არ დამაცალა. 
არ მოველოდი ამგვარ შერისხვას, 
მყის ნაპირისკენ ვიბრუნე პირი, 
სივრცემ წყვდიადი ფრთები შეისხა, 
არ დამანახა შორი ნაპირი. 
მრისხანე ღმერთის და ზღვის ხარხარზე 
ვიგრძენ, დაღუპვის ჟამმა დარეკა... 
და მოდიოდა ტალღა ტალღაზე 
ჩემ შესამუსრად და წასალეკად. 
მაგრამ ოდითგან ღმერთების მსგავსად 
ძალა ჰქონია ადამის ძესაც - 
ქვითინის ნაცვლად სიმღერა დავძარ, 
სიმღერა ვუთხარ ღრუბლიან ზეცას. 
ზეცის გუგუნში და ზღვის გრგვინვაში 
გულაღმა მწოლი ვამბობდი ლექსებს 
და სიკვდილის წინ ვმღეროდი ზღვაში
გამარჯვებაზე და სიცოცხლეზე! 
და გაცოფებულ ტალღების ხმაურს, 
წამებას სულის, წამებას ხორცის 
მე შევყურბდი როგორც სასწაულს 
და როგორც ჩემი ოცნების ქორწილს. 
გაოგნებული და დაქანცული 
და გაროზგილი ტალღები ცემით 
მე მივცურავდი როგორც ნაფოტი 
და შევცქეროდი ცას გაოცებით... 
არად ვაგდებდი ზღვის აზვირთებას, 
გაბოროტებულ ტალღების კივილს - 
და აღარ ვგრძნობდი სულის კირთებას, 
სულის წამებას და ხორცის ტკივილს. 
რადგან იმედი მე მქონდა ერთი. 
რომ ჩემი ბედის განწირულ ხომალდს 
იხსნიდა ისევ მრისხანე ღმერთის - 
პოსეიდონის რისხვის დაცხრობა. 
და, მართლაც, თითქოს ამის დასტურად, 
ჩამოეცალა ღრუბელი მზესა, 
მრისხანე ღმერთმა ზღვა გადასცურ, 
ჩადგა გრიგალი, გამოჩნდა ზეცა. 

* * *

მაგრამ სად არის, რად დავივიწყე 
ჩემი პატარა პოემის გმირი - 
გოგონა, ვისაც ვარდისუბანი 
ეტრფოდა როგორც მაისის ყვავილს? 
ვინც იასამნის ცისფერი ტოტით 
ესალმებოდა ზეცაში მფრინავს 
და უგზავნიდა უცხო მთა-გორებს, 
შორეულ ქვეყნებს, უცხო ქალაქებს 
საჩუქრად თავის მშვენიერ ღიმილს. 

ვინც ყოველ დილით, ადრიან დილით, 
პატარა სახლის ღია სარკმლიდან 
გაუღიმებდა ფართო ფანჯარას, 
სადაც უცნობი მაღალი კაცი 
შეუსვენებლად, დღითა და ღამით 
ებრძოდა ფიქრებს, სიცხიან ფიქრებს, 
ვნებით, ოცნებით ავსებულ ჰაერს, 
თამბაქოს კვამლით გაბოლილ ჰაერს, 
წერდა და შლიდა, წერდა და შლიდა 
ქაღალდზე შავად გავლებულ ხნულებს, 
დასჩერებოდა დახოცილ აზრებს. 
გადამწვარ ბწკარებს და თეთრ ხარვეზებს. 
დასჩერბოდა დაღლილ თვალებით 
ნათურის ირგვლივ დახოცილ პეპლებს, 
თამბაქოს ფერფლით მოთხვრილ მაგიდას 
და ნამწვავებით სავსე საფერფლეს. 
რად დავივიწყე.. ის ხომ იმ დღიდნ, 
იმ უცნაური შეხვედრის დღიდან, 
იქცა იმედის იდუმალ სხივად, 
პოეტის უთქმელ სიმღერად იქცა. 
რაღაც განგებით, უცნაურ ბედად
გამოკრთა შუქიც ცთომილ ვარსკვლავის 
და დაეჭვებულ სულის იმედად 
გადმომაწოდა რტო იასამნის. 
აი, ეს იყო, მხოლოდ ეს იყო 
უსიტყვოდ თქმული თავი და ბოლო, 
მისი გმირობა მხოლოდ ეს იყო 
და თავგანწირვაც ეს იყო მხოლოდ. 

მე ვერ ვუმღერე იმ თეთრი ვეფხვის, 
დაღლილი ვეფხვის ღონიერ ტორებს, 
ვერა ვთქვი კარგად, არ მეყო ძალა, 
ვერ ვუთხარ ქება მის ძლიერ ხელებს. 
ტყვიით დაცხრილულ და ძლიერ მკლავებს... 
მწველ იარებით და ჭრილობებით 
დაფარულ გულ-მკერდს, 
ჩამტვრეულ ნეკნებს... 

შავი მანქანის თეთრ კლავიშებზე
კაკუნით, ცემით დაბეგვილ თითებს, 
ხარებთან მებრძოლ ტორეადორის 
რქებით დაბასრულ ძარღვიან მაჯას. 
ვინც მოუხმობდა თავისუფლებას 
და ამხნევებდა დაჩაქრულ ერებს: 
ვინც სიკვდილის წინ ძმად გაეფიცა 
პატარა კუბას და ფილდე კასტროს... 
ვინც ესპანეთის თაკარა მზეში, 
შორეულ გზებზე და მაღალ მთებში, 
ფართო ქუჩებში, დიდ მოედნებზე, 
ერკინებოდა მძვინვარე ხარებს, 
ვინც საფრანგეთის გაშლილ ველებზე
და იტალის მშვენიერ ცის ქვეშ
ებრძოდა ხარებს, ცოფიან ხარებს... 

მათ აგიჟებდა მკაცრი ყიჟინა
და მისი სიტყვის წითელი ფერი, 
ერეკებოდა სიტყვის მახვლით, 
იმორჩილებდა დიდი სიმღერით. 
და ისე მოკვდა, ისე დასრულდა
მისი ცხოვრების დიდი ფიესტა - 
ვერა ვთქვი კარგად... 
თუმც გულით მსურდა
ვერ მივიტანე სიმღერა მზესთან. 
ვერა ვთქვი ქება დალეწილ ფრთების, 
ცამდე აწვდილი მაღალი ფიქრის, 
კიპარისივით მაღალი ლექსის, 
სიცოცხლის იქით, სიკვდილის იქით, 
სამღერებელის დღესაც და ხვალაც, 
საგონებელის ხვალაც და ზეგაც, 
სიმღერის - 
ჩვენი დიდი დროების, 
დღესაც და ხვალაც, ზეგაც, მასზეგაც, 
იმის იქითაც დარეკილ ზარის, 
მისი გუგუნის და მყუდროების. 
მოკვდა... დასრულდა დიდი სიმღერა, 
ის მიეგება აღსასრულს გზაში, 
მხოლოდ მან შესძლო სიმღერა ცაში, 
მხოლოდ მან შესძლო სიკვდილი ცაში. 

* * *

როცა ბავშვებით სავსეა სახლი, 
როცა ბავშვებით სავსეა ეზო, 
გული ყოველთვის მათკენ მეძახის, 
მაგრამ... უთქმელად და უალერსოდ 
ჩემს ირგვლივ მათი ძახილი ისმის 
და მეც ვიღაცა მეძახის მამას. 
მიყვარს ბავშვები ჩემიც და სხვისიც, 
მაგრამ სიყვარულს რატომღაც ვმალავ. 
ასეთ სიყვარულს რად უნდა მალვა? 
მაგრამ რატომღაც ვერ გამომითქვამს. 
ალბათ, ასეთი ვიქნები სანამ - 
სანამ ცოცხალვარ და სული მიდგას. 

ალბათ, ამიტომ უცნობ გოგონას 
შორი ღიმილით და შორი სალმით 
მივაცილებდი ჩემი ფანჯრიდან 
და კმაყოფილი ვიყავი ამით. 
შორი ღიმილით და შორი სალმით... 
გვიან გავიგე, რომ მან იცოდა - 
იცოდა, რისთვის დაარქვეს თამარ... 

ჩვენი შეხვედრა ცხოვრების გზაზე 
ნათესავ სულთა შეხვედრას ჰგავდა, 
რაღაც ძლიერი და რაღაც ნაზი 
ჩვენს შორის იდგა და გვიზიდავდა. 
შემომხედავდა ბავშვური რიდით, 
გზად მიმავალი თავის სწორებთან
და რაღაც, ძლიერ კარგი და დიდი, 
ჩვენ შორის იდგა და გვაშორებდა. 
ვხედავდი, როგორ ხვდებოდა გუნდა 
მაღლა აწეულ პალტოს საყელოს, 
ეფინებოდა ქერა ნაწნავებს, 
ყურის ბიბილოს, ატმისფერ ლოყებს -
და ამშვენებდ მის ბავშვურ ღიმილს 
მსუბუქი თოვლი, სპეტაკი თოვლი... 

ეჰ, რ კარგია... იფრქვევა თოვლი 
და მოჰქრის შენკენ ნასროლი გუნდა. 
გამოგიტყდებით - 
ვამჩნევდი შორით - 
მის ტოლ გოგონებს სწყინდათ და 
შურდათ, 
რადგან ბიჭები ყველას არ თვლიან 
პირველი ფიფქის და გუნდის ღირსად;
მაისის ვარდს და გუნდას ესვრიან 
ფარულად გული აირჩევს ვისაც! 
მაისის ვარდი და თოვლის გუნდა - 
თუ დამიჯერებთ, ორიევ ერთია, 
ორივეს გულით დახვედრა უნდა, 
ორივ ბედია! 
არ გეტკინება თუნდ მოგხვდეს ათგან, 
ყურის ბიბილო აგიწვას თუნდაც, 
არ გეწყინება, იღიმი... რადგან 
ჭაბუკის გული თან მოსდევს გუნდას. 
იღიმი, მიხვალ, გული გაქვს ღია, 
და წამწამებზე გეფქრქვევა თოვლი, 
მაისს ვარდად იქცევა ტყვიაც 
თუ სიყვარულით არის ნასროლი! 

შენ არ იცოდი, გოგონავ კარგო, 
შენი ბავშვური ღიმილის ძალა, 
ცისკენ გაწვდილი პატარა ხელის 
და იასამნის ღიმილის ძალა! 

შენ ახარებდი მიწაზე პოეტს, 
შენ ამხნევებდი ზეცაში მფრინავს, 
და რკინის ფრთებქვეშ გაშლილ მთა-გორებს, 
უცხო ქალებს და უცხო ქვეყნებ, 
მგზავრების ფეხქვეშ გაფენლ ქუჩებს, 
მთებზე გადავლილ ღრუბლებს და ჩრდილებს, 
სოფლის ბოგირებს და რკინის ხიდებს, 
ხიდებზე ზანტად მიმავალ მგზავრებს, 
უძილო მგზავრებს, ჩქარ მატარებლებს
ეფინებოდა ღიმილი შენი. 

შენ არ იცოდი, გოგონავ კარგო, 
იმ მშვენიერი ღიმილის ძალა, 
ჩემკენ გამოწვდილ პატარა ხელის 
და იასამნის ღიმილის ძალა. 

შენ არ იცოდი გოგონავ კარგო, 
შენი ღიმილის ეშხი და ძალა, 
შენი ღიმილის და იასამნის 
ლურჯი ღიმილის ეშხი და ძალა, 
შენ არ იცოდი... თუმცა ვინ იცის, 
... დადის და ფიქრობს მაღალი კაცი. 

შენ არ იცოდი... თუმც სილამაზემ 
რაღაც ფარული გუმანით იცის. 
ხანდახან იგი უცხო თვალებით 
საკუთარ ღიმილს უმზერს, განიცდის. 
იქნებ არ იცის, იქნებ არ იცის? 
. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი... 
ალბათ, არ იცის მშვენიერებამ! 
. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი... 
ალბათ, არ იცის მშვენიერებამ 
საკუთარ თვალთა ეშხი და ძალა, 
ალბათ, ამიტომ თავის გარშემო 
მრავალ ოცნებას, ნატვრას, იმედებს, 
საჭვრეტად მოსულ გულებს და თვალებს 
შეუბრალებელ ღიმილით მუსრავს. 

ალბათ, არ იცის... ალბათ, არ იცის.
და როს შეიცნობს საკუთარ ძალას, 
როცა მიხვდება, უმალვე ჰკარგავს, 
უმანკო ღიმილს, მიმზიდველ ჯადოს, 
პირველი თოვლის მშვენიერბას. 

შენ არ იცოდი... შენ არ იცოდი!
... დადის და ფიქრობს მაღალი კაცი. 

გახსოვს ის ბიჭი, პირველი თოვლი
პირველი გუნდით ვინც მოგილოცა? 
პირველი თოვლის პირველი გუნდით
და გულისძგერით გამთბარი გუნდით. 

გუნდას თან გაჰყვა ფერმკრთალი ბიჭის, 
შეცივნულ ბიჭის ნათითურები. 
ნაზად შეეხო ქერა ნაწნავებს
ფერმკრთალი ბიჭის ნათითურები. 
პირველი თოვლი დაეფრქვა მხრებზე, 
გოგონას მხრებზე გამთბარ ნაწნავებს. 

ნაზად შეეხო გამთბარ ნაწნავებს
ფერმკრთალი ბიჭის ნათითურები... 
თითებს კი თოვლში სციოდათ ძლიერ. 

გოგონამ იგრძნო ნაზი შეხება
გამხდარი ბიჭის თბილი თითების... 
თითებს კი თოვლში სციოდათ ძლიერ. 

გოგონა შეკრთა და მოიხედა, 
სხვა არაფერი, მან მოიხედა. 
მან მოიხედა და გაიღიმა...
არა, მას ჰქონდა სახე გამწყრალი, 
თვალები დიდი - განრისხებული. 
მაგრამ თვალებში, კეთილ თვალებში, 
მის განრისხებულ დიდრონ თვალებში 
ფერმკრთალი ბიჭი ხედავდა ღიმილს, 
პირველი თოვლის მშვენიერ ღიმილს. 

მირბოდა იგი და ნაწნავებზე 
თბილი თითების შეხებას გრძნობდა... 
თითებს კი თოვლში სციოდათ ძლიერ. 

შენ არ იცოდი, გოგონავ კარგო, 
შენი ღიმილის ეშხი და ძალა, 
შენ არ იცოდი... თორემ იმ დილით 
იმ ბიჭს ღიმილით არ შეხედავდი. 
შენ არ იცოდი, შენ არ იცოდი. 
იქნებ იცოდი, შენ არ იცოდი. 
იქნებ იცოდი, იქნებ იცოდი?!
. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი... 
იქნებ იცოდი, იქნებ იცოდი, 
იქნებ იცოდი, შენი უბადლო
თვალების ძალა, ღიმილის ფასი? 
. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი... 
დადის და ფიქრობს, ახლაც არ იცის, 
და ვერც გაიგებს და მაინც გმადლობს! 

* * *

და ერთხელ ისე ჩამოდნა თოვლი, 
ისე აჭრელდა მთაწმინდის კალთა, 
შორეული ცათა და ზღვათა მოვლით 
მზის თვალი ისე ამობრიალდა. 
ისე წავიდა თოვლიც, ზამთრაიც
და გაზაფხული ისე დაბრუნდა - 
ქერა ნაწნავებს, მაღალ საყელოს 
არ მოხვედრია არც ერთი გუნდა. 
ისე აყვავდა ეზოში ვარდი, 
იასამანი თეთრად და ლურჯად, 
თამარის ხმა და მისი ნავარდი 
აღარ უგრძვნია პატარა ქუჩას. 

ის იწვა ჩუმად რბილ სარეცელზე, 
გულაღმა იწვა და გათეთრებულ
ჭერს შესცქეროდნენ დიდი თვალები - 
უდროო ფიქრით, მაცთური ბედით 
გაოცებული დიდი თვალები. 

ის იწვა მაღალ თეთრ პალატაში, 
თეთრად შეფეთქილ კედელთა შორის, 
ფართოდ გაღებულ ფანჯარის ახლოს, 
უცხო ლოგინზე და უცხო ჭერქვეშ.. 
იწვა გულაღმა და გასცქეროდა
ცას გაოცებულ დიდრონ თვალებით. 
ღია ფანჯრიდან მოჩანდა ზეცა, 
თბილისის ზეცა, მაღალი ზეცა, 
ვარსკვლავიანი, ლურჯი, უნისლო, 
დაუსაბამო და უსასრულო... 
მან არ იცოდა, რომ არის ქვეყნად, 
რომ არის ქვეყნად ძლიერი სენი, 
დაუძლეველი და შემმუსრავი, 
უხსენებელი და დაუხსნელი. 

მან არ იცოდა, მაგრამ ყველაფერს 
ეუბნებოდნენ დედის თვალები, 
უეცრად ელდით და შეშფოთებით 
პირგამეხებულ დედის თვალები. 
სხვათა მკურნალის, სხვათა მშველელის. 
და ყოვლისშემძლე დედის თვალები... 
და გარდუვალის მოახლოებას, 
რადგან ის რაღაც - 
ყოველდღიურად 
შეუბრალებლად სპობდა მის ღიმილს. 

ის იწვა ჩუმად და გათეთრებულ 
ჭერს შესცქეროდა დიდი თვალები, 
ჩაფიქრებული, ბედის ცვალებით
გაოცებული დიდი თვალები. 

გარეთ კი იმავ მთვარიან ღამით
ეხეტებოდა ქუჩებში ბიჭი, 
დაღონებული, ფერმკრთალი ბიჭი... 
შეწუხებული ფერმკრთალი ბიჭი...
მიაბიჯებდა და სწუხდა ძლიერ, 
მისჩერებოდა თბილისის ზეცას, 
ლუჯრი მინდვრების უსაზღვრო სივრცეს, 
მიაბიჯებდა და აკლდა რაღაც. 
მიბარბაცებდა ფეხის ბორძიკით 
და აკლდა რაღაც კარგი და დიდი - 
დაუსაბამოდ, ფიქრის საზღვრამდეის, 
სულის საზღვრამდის, 
უფრო შორს, იქით, 
უსაზღვროების შავ მინდორს იქით... 
ის მიდიოდა ფეხის ბორძიკით. 

ის მიდიოდა თეთრ გვირილეში, 
თეთრ გვირილებში ვარდისფერ კაბით. 
გვირილებს გული ჰქონდათ ყვითელი. 

ხელში ეჭირა ერთი გვირილა, 
გვირილას გული ჰქონდა მზისფერი. 

ის მოდიოდა და თეთრ გვირილებს, 
ლამაზ გვირილებს ფეხს არიდებდა. 

მწვანე მინდორზე თეთრ გვირილების, 
თეთრ გვირილების ცვიოდა თოვლი, 
მაგრამ არავინ ესროდა გუნდას. 

დაღონებული ფერკმრთალი ბიჭი 
იდგა, უმზერდა და სწუხდა ძლიერ... 

ის სწუხდა ძლიერ, დაუსაბამოდ, 
სულის საზღვრამდის, იმ საზღვარს იქით... 
მას აკლდა რაღაც უსაზღვროდ დიდი 
და მიდიოდა ფეხის ბორძიკით. 

ღია სარკმელთან მაღალი კაცი 
იდგა, ფიქრობდა და სწუხდა ძლიერ... 
ირგვლივ იგივე იყო ყოველი 
და სასაფლაოს გალავნის ქვემოთ 
ისევ მოჩანდა პატარა ქუჩა, 
ლურჯი მესერი და მწვანე ეზო, 
დაბალი, სახლი და იასამნის, 
ღია ფანჯრისკენ წასული ტოტი. 
იგივე იყო ირგვლივ ყოველი. 
იდგა პოეტი და სწუხდა ძლიერ. 
ის სწუხდა ძლიერ, მას აკლდა რაღაც. 
რაღაც პატარა და ძლიერ დიდი. 
თვალს აყოლებდა ზეცაში მფრინავს, 
იდგა, ფიქრობდა და სწუხდა ძლიერ. 

სწრაფად მიჰქოდა ცაზე მფრინავი, 
უმზერდა მიწას და სწუხდა ძლიერ. 

იგივე იყო ირგვლივ ყოველი
და გაშლილ ფრთებქვეშ, 
ფოლადის ფრთებქვეშ - 
ძველ სასაფლაოს გალავნის ქვემოთ 
ისევ მოჩანდა ნაცნობი ქუჩა, 
მაღალი სახლიც, დაბალი სახლიც, 
შავი ასფალტი და მწვანე ეზო, 
ლურჯი მესერი, ღია ფანჯრა... 
ის მიფრინავდა და სწუხდა ძლიერ, 
რადგან ღიმილი, კარგი ღიმილი 
აღარ მიჰქონდა ძლიერი ფრთებით, 
შორეულ მთების, უცხო ქვეყნების, 
მწვანე მინდვრების და ქალაქეის 
მოწმენდილ ცაზე, უღრუბლო ცაზე. 

ღია სარმკელთან იდგა პოეტი, 
იდგა, ფიქრობდა და სწუხდა ძლიერ... 
თუმცა იცოდა, რომ სადღაც, ვიღაც 
და არა მარტო სადღაც და ვიღაც - 
ათასგან, ბევრგან, ყველგან და ბევრი 
ღამეთა ტეხვით, დღისით, დღედაღამ, 
გამოღამებულ, დაღლილ თვალებით - 
თავის შეწირვით, გზნებით და ვნებიტ, 
თავდახრილი და ჩაფიქრებული 
ეძებდა წამალს, იმ მწარე წამალს, 
მომაკვდავ ბავშვის გადასარჩენად. 

დრო მიდიოდა... მან ეს იცოდა, 
მან ეს იცოდა და სწუხდა ძლიერ. 
ის სწუხდა ძლიერ, რომ მიდიოდა... 
შეუბრალებლად დრო მიდიოდა. 

* * *

და ჩაბნელებულ თეთრ პალატაში 
ფიქრობდა დედა... 

არ არის ღმერთი... 
ნუთუ არც იყო? 

არ იყო ღმერთი, 
არ არის ღმერთი. 

არ არის ღმერთი და არც იქნება. 
ოჰ, არც იქნება, რომ მისმა ნებამ
გადაარჩინოს გოგონა ერთი. 

მიმოიხედა.. არ იყო ღმერთი, 
არც კაცში იყო ღმერთის გონება, 
რომ დამდგარიყო გოგონას გვერდით 
და შეემუსრა ბოროტი სნება. 

არც კაცში იყო გონება ღმერთის, 
ან ვერ შემუსრა შავი სიკვდილი, 
და მის მაგიერ გოგნას გვერდით
თეთრ სარეცელში ჩამოწვა ჩრდილი... 
ხოლო ცა იყო ღმა და უძირო 
შავ ვარსკვლავებით ამოვსებული, 
და ტელფონი ღამეს უძილოს
უყეფდა, რეკდა გაოცებული. 
ბნელ კაბინეტში წკრიალით ჩქარით, 
იდუმალ ხელის განკარგულებით -
ხან მოთმინებით, 
ხვეწნით, 
მუდარით, 
ხან - 
მოთმინებადაკარგულივით. 
ვის უძახოდა, ვის მოუხმობდა 
ჟრუანტელივით გამბული ზარი, 
ვის აბრალებდა, 
პასუხს ვის სთხოვდა - 
სიკვდილს? 
სიცოცხლეს? 
ორივეს ერთად... 
ორივეს ერთად და ყველას ერთად 
ეკითხებოდა და პასუხს სთხოვდა. 
ღამეთა ტეხვით, დღისით, დღედაღამ, 
გამოღამებულ დაღლილ თვალებით
წუთით წათვლემდა ფერწასულ ექიმს, 
ფიქრებით ბრძოლით დაქანცულ 
პოეტს, 
თბილისის ცაზე გადავლილ მფრინავს, 
ქვეყანას მძინარს და ძილში მღვიძარს - 
ყველას უხმობდა გაბმული ზარი, 
ეკითხებოდა და პასუხს სთხოვდა. 
მაგრამ არავინ არღვევდა დუმილს, 
არვინ შეაღო ოთახის კარი 
და მიტოვებულ უძილო ყურმილს 
აცახცახებულ გამბული ზარი. 

- მოკვდა... 
თქვა ჩუმად მოწყალების დამ. 
ჩუმად თქვა, გულში... 
ჩუმად თქვა, მაინც გაიგო დედამ. 
გაიგო, მაგრამ თქმა ვერ გაბედა. 

- მოკვდა...
ამოხდა ბურანში ექიმს 
და შეშლილივით ტელეფონს დასწვდა. 
შეწყდა წკრიალი, შეწყდა მუდარა, 
მაგრამ ძახილი ბნელ ქუჩებს გასცდა. 

- მოკვდა... 
შეწუხდა ცაში მფრინავი 
და სევდიანად დახედა თბილისს.

- მოკვდა... 
გაისმა ქუჩის ძახილი. 
ვეღარ გაუძლო დუმილს და ლოდინს, 
ძახილი მისწვდა პატარა ეზოს, 
დაბალი სახლის ღია ფანჯარას, 
და იასამნის შეირხა ტოტი. 

- მოკვდა!... 
ხეების გამოძახილი 
მაღალი ფანჯრის მიაწყდა რაფას, 
ფეხზე წამოდგა დაღლილი კაცი 
და ფანჯარასთან მივიდა სწრაფად. 

ქვევით, ქალაქის ბნელ სიჩუმეში
უძრავად იწვნენ ჩრდილები გრილი. 
მოაბიჯებდა მწუხარე დედა 
გაფითრებული და თმაგაშლილი. 

ნუთუ მის ხელებს და მის გონებას
ვინც შეეჯიბრა დროსა და მანძილს
უსაზღვრო სივრცის დასამონებლად 
ვინც გააფრინა ზეცისკენ კაცი
ვინც უხილავი, უჩინო მტვერი, 
მტვერზე უჩინო, მტვერის ნაწილი 
აქცია ცეცხლად და მისი გრგვინვით 
ქვეყნიერებას დაუფრთხო ძილი, 
ვისი ხმაც, ვისი გულის ნაკვესიც 
ამქვეყნად პირველ სიტყვად გაისმა, 
ვინც არფრისგან დაანთო ცეცხლი - 
ცეცხლი - ნაშობი არარაისა, 
ვისაც პირველად გაუჩნდა ქვეყნად 
გონების თვალი და ცნობის თვალი, 
გაუძლო მეხთა და ზვავთა შეხლას, 
ადუღა, აწრთო უტეხი რვალი, 
ვინც შეუცნობელ ვარსკვლავთა შორის
ოცნება თვისი გაათავხედა
და ცის ჰორიზონტს დაადო ტორი 
ბნელ სივრცეებში გადასახედად, 
ვინც ააყვავა უდაბნო ვრცელი: 
ადამის მოდგმის ოცნება ძველი. 
ვინც შეახეთქა ერთმანეთს მთები, 
დაბადა ზღვები, დააშრო ზღვები - 
არ შეუძლია დააშროს ცრემლი, 
პატარა ცრემლი, ის ჩუმი ცრემლი?! 
ნუთუ ამქვეყნად ყველაფრის მძლეველს 
პატარა ხელის არა აქვს ძალა - 
მოწმინდოს ცრემლი, დააშროს ცრემლი, 
რომელსაც დედა გმირულად მალავს?!
ოჰ, შეუძლია... უძლეველია 
მისი ოცნება დიდი, ფრთამალი, 
უძლეველია მისი მარჯვენა: 
მას შეუძლია იფიქროს, მისწვდეს
და მოიტანოს ქვეყნად წამალი - 
ის ერთი მუჭა მწარე წამალი, 
მომაკვდავ ბავშვის გადასარჩენად... 
მაგრამ ის ვეღარ უშველის თამარს. 
მწარე წამალი სჭირდება მაინც - 
სჭირდება დედას, რადგან არ სჯერა, 
რომ ძლიერია გონება კაცის, 
რომ ძლიერია კაცის მარჯვენა!... 

სასაფლაოსკენ პატარა კუბო 
დიდი მანქანით მიჰქონდათ ნელა. 
დიდი სახლის წინ ნაცნობ ქუჩაზე 
მან ჩაიარა უკანასკნელად. 

ჩუმად მიჰქონდათ თეთრი ვარდები, 
ლურჯი იები, იასამნები. 
და ისე სწუხდა ვარდისუბანი, 
თითქოს გაზაფხულს მიასვენებდნენ.

ია-ვარდებში, იასამნებში, 
თეთრ გვირილებში იწვა თვალები. 
ბედის ცვალებით გაუხარელი 
და დახუჭული დიდი თვალები. 

ვარდებში იწვა მისი ღიმილი, 
როგროც კივილით გამწყდარი სიმი. 
ია-ვარდები, იასამნები 
მიასვენებდნენ მშვენიერ ღიმილს. 

ნაცნობ ქუჩაზე, დიდი სახლის წინ 
მან გაიღიმა უკანასკნელად... 

არ გაჰყოლია მაღალი კაცი. 
თუმც ბევრს ფიქრობდა და წუხდა ძლიერ... 

ის წერდა, წერდა ცრემლით და 
განცდით, 
ის წერდა გულით და წუხდა ძლიერ. 

და დაცქეროდა ღამის ნათურას, 
ჩამქრალ ნათურას, დახოცილ პეპლებს,
ნამწვავებივით გადამწვარ პეპლებს, 
პეპლებს, დახოცილთ მუხანათურად, 
მტვრიან მაგიდას, დახოცი ფიქრებს
და ნამწვავებით სავსე საფერფლეს. 

დამთავრდა გრძელი ღამის ქრონიკა, 
ცხელი ზაფხულის ღამის ქრონიკა, 
სიცხიან ფიქრთა, ფიქრიან ფიქრთა, 
ფორიაქიან ფიქრთა ქრონიკა. 

თენდება... მაგრამ კვლავ დაღამდება, 
მოვა სხვა ღამე, მოვა სიჩუმე... 
მოვა და დავწერ სხვა ღამეების, 
გრძელ ღამეების ფიქრთა ქრონიკას. 

და გახუნდება ზაფხულის ტახტი. 
გაივლის სიცხე, მზეც გახუნდება. 
მივეგებები ქარვისფერ დღეებს 
და შემოდგომის ქრონიკას დავწერ. 

მოვა ზამთარი. პირველი თოვლი. 
მოვა დ დავწერ ზამთრის ქრონიკას... 
გავა ზამთარიც და გაზაფხულის 
და გაზაფხულის დადგება ჯერი, 
მარტის, აპრილის, მაისის ჯერი, 
და გაზაფხულის ქრონიკას დავწერ. 
ასე ვუმღერებ 
გაზაფხულს, ზაფხულს, 
შემოდგომას და თოვლიან ზამთარს, 
და ჩემთან ერთად თქვენც შემოივლით 
ჩემი ცხოვრების ცხრაველს და ცხრამთას. 

და ჰა, 
ქალაქის დიდ სამრკლოზე 
აღარ ხმაურობს და დუმს საათი. 
თენდება, ქუჩის ხმაურმა შთანთქა 
მისი ძახილი და გულის ძგერა. 
ელნათურები ქრებიან ჩუმად
და შენობები ახელენ თვალებს. 

იღვიძებს უკვე დიდი თბილისი, 
მას სიჩუმეში ეძინა დიდხანს... 
დამთავრდა ერთი ღამის ქრონიკა, 
შენც გაიღვიძებ და წაიკითხავ! 

1962 წ.