მე რუსთაველზე შენს მძებნელს
რამდენჯერ დამღამებია,
შენთვის უთქმელი ლექსები
მითქვამს და გამხარებია.
არ გითქვამს, შენსკენ მოვქროდი,
წამი არ დამხანებია.
იცოდე, ისმე ვიყავი,
ჩრდილი რომ აგდევნებია.
შენი ღიმილის ძებნაში
რამდენჯერ დამთენებია.
გიყვარდი თუ არ გიყვარდი -
სულაც არ მინდა ვიცოდე,
იცოდე, დროა, იცოდე,
თუ ვცოცხლობ, შენით ვიცოცხლე!
იცოდე, როცა მაგ თვალთა
ლახვრები დამძგერებია,
გული ჯავრისგან მოკლული
ანაზდად ამძგერებია.
რამდენიც შემოგიხედავს,
სიცოცხლე გამგრძელებია!
1957 წ.
თბილისი.