Litclub.ge

მაქსიმ გორკი
მოხეტიალე მოგზაურის მოხრილი ლანდი 
ქარში, მინდვრებზე 
გადივლიდა ღრუბლიან ცის ქვეშ. 
ეგდო რუსეთი 
სამხერთიდან ჩრდილოეთამდე, 
რუსეთი ვრცელი - 
დამხობილი გლეხივით პირქვე... 

და ხეტიალი, ხეტიალი გზებზე უგეშო, 
გადუვლის მგზავრი 
კავკასიას, ვოლგას და ურალს, 
იღებს თბილისი 
ახალგაზრდა ალექსი პეშკოვს, 
და შეახვედრებს
მაქსიმ გორკის და მაკარ ჩურდას!

ახსოვს მოხეტეს -
ნაკატორღალ კალიუჟინის 
შეხვედრა, რჩევა, 
ვერის ხიდი და კრასნოგორი, 
როცა თბილისმა 
ცეცხლი მისცა ჭაბუკს უჩინარს 
და რუსეთისკენ 
გაამგზავრა მწერალი გორკი... 

იყო რუსეთი - 
რომანოვის სისხლიან შუბლით, 
და ჯანყდებოდნენ
გლეხებივით ვოლგა და დონი, 
ურჩი გლეხები 
სტანიცებში დათარესობდნენ
და შორს - 
ვარდისფრად ენთებოდა ცის კაბადონი. 

და ხეტიალი, 
ხეტიალი ჯავრით თუ სევდით... 
ჰა, ქარიშხალას სიმღერები, 
გმირული ჟინი - 
მოხრილი მხრები, 
დიდი სევდა დიდი რუსეთის, 
მისი გულისთქმა, 
მოძახილი, მისი ყიჟინი. 

შავ ქალაქებში, 
სარდაფებში, ქუჩაში, ქოხში - 
შფოთიან ბრბოში
ქადაგივით ტრიალებს გორკი, 
ქარის ქროლაში, 
დაუდეგარ გულის ამბოხში - 
პოეტის სიტყვა 
ეჭიდება ჟანგიან ბორკილს! 

ხანძრიან რუსეთს
მონბლანდივით დაჰყურებს ლენინ, 
იღვიძებს ხალხი, 
ოქტომბერის ქრიან ქარები, 
ნადგურდებიან 
იმპერიის შავი ჩრდილები - 
და გუგუნებენ, 
გუგუნებენ კრემლის ზარები. 

დიდი იმედით 
ანთებულა სამშობლო ვრცელი, 
რა შეაჩერებს, 
რა შეაკრთობს, უძლეველ მისანს, 
ახალ რუსეთში დააბიჯებს მოხუცი ბრძენი - 
სიჭაბუკიდან 
მომღერალი გაზაფხულისა. 
ახსოვს: 
თბილისში ახალგაზრდა წამოდგა ერთხელ, 
და აიმართა 
ვრცელ რუსეთის ველებზე უცებ, 
და დიდი გორკი, 
დიდი მგზავრები, 
დიდი მოხეტე - 
დაჰყურებს რუსეთს, 
ვით ოდესღაც "კავკაზის" ფურცლებს. 
და აგონდება: 
დამხობილი გლეხვით პირქვე - 
ბნელი რუსეთი, იმედები 
ქროლვა ქარიშხლის, 
მძიმე დღეები
ორთავიან არწივის ჩრდილქვეშ, 
და ხეტიალი, 
ხეტიალი მშობელ მხარეში. 

1931 წ.