Litclub.ge

ნანა. მეშვიდე
იმღერის ნანას, თან აკვანს არწევს, 
მზეა გარეთაც და მზეაშინაც. 
მზეა სიზმარში და ნაწვიმარზე 
ცისარტყელების ჩნდება არშია. 
ექვსი ყვავილი ეზოში ხარობს, 
იძინე ტკბილად, ნანა მეშვიდევ, 
სიზმარში ვერცხლის წკრიალებს წყარო 
და ოქროს სცვივათ აპრილის შინდებს. 
შავწარბა ბიჭი მზვარეში დარბის, 
და ვაჟკაცურად და-ძმის ხმაურში 
მამის იერით და მამის წარბით 
გასცქერის ეზოს ოჯახის ბურჯი... 
ნანავ, წინაპართ უზრდიათ ოცნი, 
თქვენი ჟივილი რას გამაბეზრებს, 
აგერ სამი ძმა ჯიღა ხარს ჰკოცნის
ჟუჟუნა წვიმით დანამულ რქებზე. 
თუმცა ნაღველი აწუხებს დედას, 
მაინც ღიღინებს, ღიღინებს ნანას, 
შენ, დახატულო მამის კვალზედა, 
ომსწასულს ასე რამ დაგამგვანა! 
იავნანაო, ნანაო, ვარდო, 
ატმის და ნუშის ყვავილში წევხარ, 
ეჰ, ნეტავ გმირად შენ გამეზარდო, 
მენახოს შენი დავაჟკაცება... 
ექვსი შენსავით ვზარდე, ნანაო, 
ვარდო, გაყრია ცრემლები ნამის, 
შერჩეს სამშობლოს შენისთანაო, 
ნანა, მეშვიდევ, ფარ-ხმალო მამის! 

1943 წ. 
თავალდი.