ვარ ოდისევსი, გადავლახე მღელვარე ზღვანი,
გზა უდაბური კუნძულების, მსხვრევა ხომალდის,
პოსეიდონის უკან დევნა და შერისხვანი. . .
ვარ ოდისევსი, ავსებული ჭმუნვით და დარდით,
ვარ ოდისევსი, გამოვცადე, მსხვრევა იმედთა,
ცრუ მეგობრობა, ცბიერება, ცვალება სწრაფი,
გამაჭაღარა და მომქანცა ჭიდილმა ბედთან,
ვუახლოვდები მოქანცული სამშობლოს ნაპირს...
ვარ ოდისევსი მიჯაჭვული ხომალდის ანძას:
მოუსმენელის ჯერ კაცთაგან სმენა მწადია,
თანამგზავრები დასცინიან ჩემს უხმო ტანჯვას,
ჩემს უხმო ტანჯვას, ეს მეათე წელიწადია!
კავთისხევი.