ომგადახდილ საქართველოს,
მის მიწას და მაღალ ზეცას,
ჭრილოებით დამშვენებულ
მზეჭაბუკის აღტაცებას;'
იავნანას, პატარები
რომ გვაქცია ჭაბუკებად,
საქართველოს პოეტებო,
მის დედობას ვუთხრათ ქება!
იმ ზენაქარს, იმ ქვენაქარს,
აკვანი რომ დაგვირწია,
ხან დედურად შეგვიძახა,
ხან მზესავით გაგვიცინა;
ვინც გვასწავლა მრისხანება,
ვინც გვასწავლა გაღიმება,
ავდგეთ, ვაშად ავხმიანდეთ,
მის დედობას ვუთხრათ ქება!
არაგვის და ივრის ჭალებს,
რიონის და მტკვრის ნაპირებს,
ქსნის ნაპირებს ვინც უმღერა,
ან სიმღერას ვინც აპირებს;
საქართველოს მამაც შვილებს, -
მათი ქება გვეთქვას ბევრჯერ,
გორგასალის ნაშიერებს
ის ქართული ძვლები შერჩეთ!
ის ქართული ძვლები შერჩეს
ყველა ვაჟს და ყველა ვაჟკაცს,
ლახვრით მტერი დაელახვროს
და ვაშას დროს ეთქვას ვაშა!
1946 წ.
თებერვალი.